19 წლის საი ვარშიტ კანდულა ამბობს, რომ მისი მიზანი ამერიკის პრეზიდენტის ლიკვიდაცია იყო. ის თეთრ სახლთან მას შემდეგ დააკავეს, რაც თეთრი სახლის ბარიერს სატვირთო ავტომობილით შეეჯახა.
საქმის მასალებზე დაყრდნობით ამერიკული მედია ამბობს, რომ კანდულა ჩესტერფილდში ცხოვრობს და თავდასხმას 6 თვის განმავლობაში გეგმავდა. ის ამერიკის დედაქალაქში 22 მაისს დალასის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც იქირავა სატვირთო ავტომობილი და პირდაპირ თეთრი სახლისკენ გაემართა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაახლოებით 21:35 საათზე სატვირთო ავტომობილი შენიშნეს თეთრი სახლის წინ, ლაფაიეტის სკვერთან. ავტომობილი გადაადგილდებოდა ტროტუარზე შემდეგ კი რამდენჯერმე შეეჯახა უსაფრთხოების ბარიერს.
გამოძიების ინფორმაციით ის ცდილობდა ავტომობილით ბარიერი გადაელახა. როგორც თავად დაკავებული ამბობს, მისი მიზანი იყო შეეღწია თეთრ სახლში და მოეკლა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
თვითმხილველები ყვებიან, რომ როცა ავტომობილით მამაკაცმა ბარიერების გადალახვა ვერ შეძლო ავტომობილიდან გადმოვიდა, გადმოიტანა, ნაცისტური დროშა და დაიწყო ჰიტლერის შესახებ საუბარი, ამბობდა რომ ის „ძლიერი ლიდერი“ იყო.
„ნიუ-იორკ თაიმსი“ საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 19 წლის მამაკაცი დააკავების შემდეგ სიმპათიას გამოხატავდა ჰიტლერის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ ნაცისტური დროშა ამოიღო. ავტომობილში საბრძოლო მასალა ნაპოვნი არ არის. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
მაშინ, როცა კანდულა თეთრ სახლთან უსაფრთხოების ბარიერს სატვირთო ავტომობილით რამდენჯერმე შეეჯახა, პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმა დაადასტურა. მისი თქმით, ჯო ბაიდენს მომხდარის შესახებ ინფორმაცია 23 მაისს მიაწოდეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გაიმართა პირველი სასამართლო სხდომაც, სადაც 19 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ კანდულას რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული: პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან მათი ოჯახის წევრების მოკვლიდ ან გატაცების მუქარა, ფედერალური ქონების დაზიანება, ავტომობილის დაუდევარი გამოყენება, თავდასხმა საშიში იარაღით.
Facebook Forum