ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩვენებას თაღლითობის საქმეზე აძლევს, რომელიც მის ბიზნესს და რეპუტაციას ემუქრება


ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრება სასამართლო პროცესს, რომელიც განიხილავს "ორგანიზაცია ტრამპის" საქმეს. ნიუ-იორკი, აშშ. 25 ოქტომბერი, 2023 წ.
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრება სასამართლო პროცესს, რომელიც განიხილავს "ორგანიზაცია ტრამპის" საქმეს. ნიუ-იორკი, აშშ. 25 ოქტომბერი, 2023 წ.

დღეს, 6 ნოემბერს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზში ბრუნდება. სამოქალაქო პროცესზე ის მოწმის სტატუსით მისცემს ჩვენებას თაღლითობის საქმეზე, რომელიც მისი უძრავი ქონების ბიზნეს-იმპერიას ფინანსურ პრობლემებს უქმნის და სავარაუდოდ, მისი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაციას აზიანებს. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი სწორედ ამ სტატუსით პოზიციონირებდა და მაშინ დემოკრატი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა კიდეც.

"ორგანიზაცია ტრამპის" წინააღმდეგ ნიუ-იორკის შტატში წაყენებულ ბრალდებაზე სასამართლოს ჩვენება მისმა ორმა ვაჟმა ჩვენება წინა კვირაში მისცა. მოსამართლემ უკვე დაადგინა, რომ ტრამპების საოჯახო ბიზნესში თაღლითობას ჰქონდა ადგილი, ახლა კი საქმესთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი და მისი ორივე ვაჟი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში გამოცხადება დღემდე აუცილებელი არ იყო, დონალდ ტრამპი პროცესზე უკვე რამდენჯერმე მივიდა. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს შემდეგ განცხადებებს სატელევიზიო კამერებთან აკეთებდა და ამბობდა, რომ საქმეში მონაწილე ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებულნი არიან.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია ამ სასამართლო პროცესსაც სახსრების მოზიდვის შესაძლებლობად იყენებს. კამპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საკუთარ ოჯახს და რეპუტაციას ნიუ-იორკელი დემოკრატებისგან იცავს, რომლებსაც ისინი "კორუმპირებულ ტირანებს" უწოდებენ.

როგორც საქმიდან იკვეთება, სხვადასხვა მაქინაციების საშუალებით, კომპანიის აქტივების ფინანსური მონაცემები გაზრდილი იყო, კრედიტორების და დაზღვევის წარმომადგენელთა შეცდომაში შეყვანის მიზნით. ერთ-ერთი ბრალდებით, "ორგანიზაცია ტრამპის" ხელმძღვანელებმა მათ მფლობელობაში მყოფი საცხოვრებელი ცათაბჯენების და გოლფის კორტების საფასური დაახლოებით $2 მილიარდით გადაამეტეს და შედეგად, $100 მილიონის კრედიტი მიიღეს.

მიმდინარე სასამართლო პროცესი სამოქალაქოა და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თავად ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თავისუფლების აღკვეთით არ ემუქრება. ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი კომპანიის მინიმუმ 250 მილიონი დოლარით დაჯარიმებას ითხოვს. ის ასვე ითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს და მის ორ ვაჟს შტატში ბიზნესის წარმართვა სამუდამოდ აეკრძალოს.

ეს მხოლოდ ერთია რამდენიმე სასამართლო პროცესიდან, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო იმართება, თუმცა დანარჩენი პროცესები სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამორიცხული არ არის. რესპუბლიკელებში საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებში კვლავ ლიდერობს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG