დონალდ ტრამპი გამოცხადდა ნიუ-იორკის სასამართლოში, სადაც მისი და მისი საოჯახო ბიზნესის წინააღმდეგ, სამოქალაქო თაღლითობის შესახებ პროცესი დაიწყება. შესაძლოა, ამ საქმემ ყოფილი პრეზიდენტის უძრავი ქონების იმპერიას მძიმე დარტყმა მიაყენოს.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციისთვის რბოლის ლიდერი ტრამპი სასამართლო პროცესის დროს ჩვენებას მისცემს. ნიუ-იორკის დემოკრატი მთავარი პროკურორი ლეტიტია ჯეიმსი ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებს, რომ მან თაღლითურად გაბერა თავისი უძრავი ქონების და სხვა აქტივების ღირებულება, რათა სესხი და დაზღვევა უკეთესი პირობებით მიეღო.
კვირა საღამოს, ტრამპმა თავის სოციალურ პლატოფრმა Truth-ზე გამოაქვეყნა, რომ ის აპირებს : „ვიბრძოლო ჩემი სახელის და რეპუტაციისთვის კორუმპირებული და რასისტი მთავარი პროკურორის, ლეტიტია ჯეიმსის წინააღმდეგ, რომლის საკამპანიო ლოზუნგი „ტრამპის დამარცხება“ იყო და ტრამპის მოძულე მოსამართლის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს დევნაში უსამართლო, შეშლილი და ბოროტია.“
ტრამპის წარმომადგენელმა ადვოკატმა, ალინა ჰაბამ სასამართლო დარბაზში შესვლის წინ თქვა: „გავაგრძელებთ ბრძოლას იმის იმედით, რომ კანონის და წესრიგის რამე დონე არსებობს... მიუხედავად იმისა, რომ სისტემისადმი ჩემი რწმენა შერყეულია, მე დონალდ ტრამპის მჯერა.“
ეს პროცესი იმართება ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც საქმის მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ტრამპი თაღლითობაზეა პასუხისმგებელი და ახლა ყურადღებას მეტწილად სასჯელების საკითხზე გაამახვილებს.
მთავარ პროკურორ ჯეიმსს სურს ყოფილი პრეზიდენტი სულ მცირე 250 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმით დაისაჯოს და ტრამპს და მის ვაჟებს ნიუ-იორკის შტატში ბიზნესსაქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ. ამასთან ერთად, ტრამპს და მის წამყვან „ტრამპის ორგანიზაციას“ კომერციული უძრავი ქონებით საქმიანობა ხუთი წლით შეეზღუდოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკური „კუდანებზე ნადირობის“ ნაწილია.