ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს თავის მართლება ფინანსური თაღლითობის კუთხითაც უწევს


დონალდ ტრამპი მანჰეტენზე, სასამართლოში გამოცხადდა. მას ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა 1 მილიარდი დოლარის მოგების უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებს. საქმის ეპიცენტრშია მისი უძრავი ქონების ბიზნეს-იმპერია. ბრალდების თანახმად, ტრამპი და მისი შვილები, ასევე მისი ბიზნესის სხვა მმართველები, 2011-იდან, 2021 წლამდე პერიოდში, მათ მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულებას განზრახ, განსხვავებულად წარმოაჩენდნენ, რათა კრედიტორებისგან და დამზღვევებისგან უფრო ხელსაყრელი პირობები მიეღოთ. ტრამპი ამ ბრალდებებსაც მოგონილს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ქრისტოფერ კაისი, ტრამპის ადვოკატი შეეწინააღმდეგა პროკურატურის იურისტის, კევინ უოლესის გამხსნელ განცხადებებს და თქვა, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია კანონის შესაბამისად იყო წარმართული.

"ესაა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდები მსოფლიოში, მან პრაქტიკულად ეს ქონება დააგროვა იმით, რომ უძრავი ქონების ინვესტიციებთან დაკავშირებით, ყოველთვის მართალი იყო. არ არსებობდა თაღლითობის განზრახვა, ან უკანონობა, არ ყოფილა დეფოლტი, არ ყოფილა გარღვევა, ბანკებზე დამოკიდებულება, დაუმსახურებელი მოგება და არ ყოფილა ამით ვინმე დაზარალებული", - თქვა ადვოკატმა.

თუმცა, ბრალდება აცხადებს, რომ ტრამპმა გაზრდილად წარმოაჩინა როგორც მანჰეტენზე მისი ბინის, ისე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის და სხვა ქონების ღირებულებები. მიზანი სწორედ ფინანსურად ხელსაყრელი გარიგებების დადება იყო და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ქმედებებს მსხვერპლი ან დაზარალებული არ ჰყავს.

დონალდ ტრამპის მრავალ სამართლებრივ გამოწვევას შორის, ერთ-ერთი სწორედ ეს საქმეა - სამოქალაქო კოდექსით დასჯადი თაღლითობა.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოკითხვებში კვლავ ლიდერობს, ეჭვმიტანილია საკუთარი ქონების ღირებულების განზრახ განსხვავებულად წარმოდგენაში, რათა კრედიტები და სადაზღვევო უზრუნველყოფა უკეთესი პირობებით მიეღო. მას ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი თავისი ქონების ღირებულების მილიარდობით დოლარით განსხვავებულად წარმოჩენაში ადანაშაულებს.

"მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ფული შეიძლება გეგონოს, რომ გაქვს, კანონზე მაღლა არავინ დგას", - უთხრა ჯეიმსმა რეპორტიორებს სასამართლო დარბაზში შესვლამდე. "კანონი ძლევამოსილიცაა და მყიფეც. დღეს დარბაზში ჩვენ ჩვენს საქმეს დავამტკიდებთ", - თქვა მან. დღეს მანჰეტენის სასამართლოში დონალდ ტრამპიც გამოცხადდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა კვირას თქვა, რომ ის სასამართლოში "კორუმპირებული და რასისტი" გენერალური პროკურორის წინააღმდეგ "საკუთარი სახელისა და რეპუტაციის დასაცავად" აპირებდა წასვლას. მისი თქმით, მოსამართლეც "ტრამპმოძულეა".

გენპროკურორი 250 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას ითხოვს, ასევე პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ვაჟების - დონალდ უმცროსისა და ერიკის მიერ ნიუ-იორკში ბიზნესის მართვის სამუდამო აკრძალვას, "ტრამპის ორგანიზაციისთვის" კი შტატში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობის 5 წლით შეზღუდვას. ტრამპი ამ საქმესაც მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და "კუდიანებზე ნადირობის" ნაწილს უწოდებს.

მოსამართლე ართურ ენგორონი გასულ კვირასვე ამბობდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ტრამპის, მისი ორი ვაჟისა და 10-მდე კომპანიის წინააღმდეგ საქმის მტკიცებულებები წარმოადგინა. ენგორონი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა "ტრამპ თაუერში" მისი საცხოვრებელი ბინის ზომა სამჯერ გადიდებულად წარმოაჩინა.

"საცხოვრებელი სივრცის რეალობასთან ამ მასშტაბის შეუსაბამოდ წარმოჩენა უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლისგან სხვა ვერაფრად ჩაითვლება, თუ არა თაღლითობად" - თქვა მან. ტრამპი კი თავად მოსამართლის შეფასებებს უწოდებს თაღლითურს.

მოსამართლე ენგორონმა ბიზნეს სერთიფიკატები გაუუქმა იმ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც ტრამპის ბიზნეს იმპერიის სათავეში იყვნენ, მათ შორის "ტრამპ თაუეერის" და ნიუ-იორკში გოლფ კლუბების მმართველ კომპანიებს. მართალია, ეს ტრამპის პორტფოლიოში შემავალი 500-მდე კომპანიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეეხება, მაგრამ ის ყველაზე ღირებულ ქონებას მოიცავს. ჯერჯეორბით უცნობია, როგორ აღსრულდება ეს ბრძანება, მაგრამ ამ ქონების დაკარგვა ტრამპის ფინანსებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. თუკი მოსამართლე ყველა ჯარიმისა და შეზღუდვის აღსრულებას მოითხოვს, ზიანი მნიშვნელოვანი იქნება.

სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დეკემბრამდე გასტანს. შესაძლო მოწმეთა სიაში 150-მდე ადამიანიამ მათ შორის პრეზიდენტი ტრამპიც. თუმცა, პროცესი სავარაუდოდ ექსპერტთა ბრძოლად იქცევა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იყოს განხილული ფინანსური დოკუმენტები.

გენერალური პროკურორი ვარაუდობს, რომ ტრამპმა თავისი ქონების ფასის უხეში დაკნინებით, მსესხებლებისა და დამზღვევებისგან უკეთესი პირობები და ამით მილიონობით დოლარის სარგებელი მიიღო. ეს ყოფილი პრეზიდენტის მხოლოდ ერთ-ერთი სამართლებრივი თავის ტკივილია იმ ბევრ საქმეს შორის, რომელთან გამკლავებაც მის იურისტებს უხდებათ.

XS
SM
MD
LG