ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ბაიდენი მსოფლიოს უკრაინის გვერდში დგომისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს, 19 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს. ჯო ბაიდენი თავის გამოსვლას გამოიყენებს იმისთვის, რომ მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, გვერდში დაუდგნენ უკრაინას, ქვეყანას, რომელიც უკვე მეორე წელია რუს დამპყრობლებს უმკლავდება.

ბაიდენი ნიუ-იორკში სამი დღით ჩადის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის კულუარებში, ის მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც შეხვდება. მათ შორის, იგეგმება უმაღლესი დონის შეხვედრები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებთან, ისრაელის და ბრაზილიის პირველ პირებთან.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, თავის გამოსვლაში ბაიდენი გეგმავს ხაზი გაუსვას იმას, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა, სრულმასშტაბიანი ომის წარმართვა და მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაცია, არის გაეროს დამფუძნებელი ქარტიის დარღვევა. ქარტიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქვეყნების სუვერენიტეტი, ხელშეუხებლობა და მათი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა.

პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელებიც გაითვალისწინებენ გაეროში მისი გამოსვლის მთავარ აქცენტებს. დემოკრატმა ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის გარშემო ამერიკის მოკავშირეთა შემოკრება და გაერთიანება შეძლო და ეს მიმართულება საგარეო პოლიტიკის წამყვან კომპონენტად აქცია.

ბაიდენი თვლის, რომ მსოფლიომ მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, რომ ის ვერ შეძლებს დასავლეთთან მოგებას.

„ჩვენ მსოფლიო უკრაინის და ერთიანი ნატოს მხარდასაჭერად შემოვიკრიბეთ, რადგან თავიდანვე დავრწმუნდი იმაში, რომ პუტინს იმედი ჰქონდა, ნატო გაერთიანებას ვერ შეძლებდა და ეს საკმარისი იქნებოდა" მისი გამარჯვებისთვის - თქვა ბაიდენმა ნიუ-იორკში, 18 სექტემბერს გამართულ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

მაგრამ, ბაიდენს ზოგიერთი რესპუბლიკელი მკაცრად აკრიტიკებს. მათ სურთ, რომ ვაშინგტონმა კიევს ფულადი სახსრები გაუთავებლად არ უგზავნოს და რასაც გააგზავნის, ის მკაცრად გააკონტროლოს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკკართიმ, რომელიც პარტიის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია ვაშინგტონში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის შეიარაღების გაგზავნა.

თუმცა, გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების უმეტესი ნაწილი უკრაინის დახმარებას უჭერს მხარს. ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე პოპულარული კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამტკიცებს, რომ ის ომის სწრაფად დასრულებას შეეცდება, თუკი მას თეთრ სახლს ისევ ანდობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG