ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უარყოფს გაეროს ბრალდებას უკრაინელი ბავშვების უფლებების დარღვევის შესახებ


კრემლმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ უარყო გაეროს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ბავშვების უფლებებს არღვევენ. მეტიც, რუსეთში ამტკიცებენ, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში უკრაინელი ბავშვების გადარჩენით არიან დაკავებულნი.

გაეროს მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა 800-ზე მეტი სამოქალაქო პირი დააკავა, მათგან ნაწილი ბავშვია. გაეროს ანაგარიშში ნახსენებია ისიც, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 77 სამოქალაქო პირი სიკვდილით დასაჯა.

გარდა ამ ანგარიშისა, გაერომ კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თხოვნით მოამზადეს. ანგარიშში წერია, რომ რუსეთს 2022 წელს, 136 ბავშვის სიკვდილში ედება ბრალი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი "მყარად უარყოფს" გაეროს ბრალდებებს.

"ჩვენი სამხედროები, მუდმივად რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს იმისთვის, რომ ბავშვების გადასარჩენად ზომები მიიღონ, რომ ისინი დაბომბვის ზონებიდან გამოიყვანონ, რაც სხვათაშორის, უკრაინული მხარის მხრიდან ხორციელდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად",- თქვა პესკოვმა.

36-გვერდიანი მოხსენება, რომელიც დაკავების 70 ცენტრში ვიზიტსა და 1 000 ინტერვიუზეა დაფუძნებუი, ასევე აჩვენებს, რომ საერთაშორისო კანონი დაარღვია უკრაინამაც, სამოქალაქო პირების დაკავების მხრივ. თუმცა, უკრაინული მხარის დარღვევები გაცილებით მცირეა, ვიდრე - რუსული მხარისა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა, 2022 წლის განმავლობაში დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე. ასევე, ომის დროს 91 ბავშვი რუსმა სამხედროებმა ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

2023 წლის მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინის დაკავება საერთაშორისო ორგანომ სწორედ უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან იძულებით გაყვანის საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვვიტა.

რუსეთი არ მალავს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ათასობით უკრაინელი ბავშვი უკრაინიდან რუსეთში გადაიყვანა, მაგრამ მას წარმოაჩენს, როგორც ომის ზონაში მიტოვებული ობლებისა და ბავშვების დასაცავად წარმოებულ ჰუმანიტარულ კამპანიას.

XS
SM
MD
LG