ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი კანდიდატები მეორე საპრეზიდენტო დებატებისთვის ემზადებიან


ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები, ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან. საპრეზიდენტო დებატები კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე გაიმართება.

პარტიის სტრატეგების თანახმად, ეს კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რომ რეიტინგებში ბევრად დაწინაურებულ დონალდ ტრამპს გაუთანაბრდნენ ან მისი ამომრჩევლის გულის მოგება სცადონ.

დონალდ ტრამპი, პირველი საპრეზიდენტო დებატების მსგავსად, არც ამ დებატებში მიიღებს მონაწილეობას. გასულ თვეში, მან დებატებში მონაწილეობის ნაცვლად, მის პარალელურად, ინტერვიუს ცნობილ წამყვან ტაკერ კარლსონს მისცა. ამჯერად კი ის დეტროიტში, ავტოქარხნების გაფიცული თანამშრომლებისთვის სიტყვით მიმართვას გეგმავს.

რესპუბლიკელი სტრატეგი ჯონ ფეერი ამბობს, რომ გამოკითხვების შედეგები არც ერთი კანდიდატისთვის არაა ნუგეშისმიმცემი, დრო კი იწურება. პირველი შიდაპარტიული კენჭისყრა იანვარში, შტატ აიოვაში უნდა გაიმართოს. მისი თქმით, ტრამპის რესპუბლიკელმა კონკურენტებმა სტრატეგია უნდა შეიცვალონ.

"ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ დებატებზე რომელიმე კანდიდატმა უნდა მოახერხოს იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია ტრამპის დამარცხება იმ შტატებში, სადაც ადრეული შიდაპარტიული კენჭისყრა გაიმართება. მათ შორის აიოვაში", - ამბობს რესპუბლიკელი სტრატეგი.

კიდევ ერთი რესპუბლიკელი სტრატეგი მერი ანა მანკუსო ამბობს, რომ პირდაპირი ეთერით გადაცემული დებატები იშვიათი შესაძლებლობაა კანდიდატებისთვის, რომ მთელი ქვეყნის წინაშე წარდგნენ, მიმართონ ამომრჩეველს ქვეყნის მასშტაბით მაშინ, როცა შტატებში პარტიული პრაიმერებია მოახლოებული. ადრეული კენჭისყრები გაიმართება აიოვაში, ნიუ ჰემფშირსა და სამხრეთ კაროლინაში.

"ესაა ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა ამ რესპუბლიკელებისთვის, რომ წარუშლელი კვალი დატოვონ ამომრჩეველზე და ამან მოიტანოს გაზომვადი ცვლილებები", - ამბობს მანკუზო. ის წლების წინ სამხრეთ კაროლინის სენატორ ლინდსი გრემის საპრეზიდენტო კამპანიაზე მუშაობდა.

მანკუზოს აზრით, დღევანდელი დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ფლორიდის გუბერნატორისთვის, რონ დესანტისისთვის. მისი აზრით, დღეს მისი პოზიციონირება გადამწყვეტი იქნება.
დესანტისი, რომელიც წლის დასაწყისში მოიაზრებოდა, როგორც ტრამპის დამარცხების ყველაზე მეტი შესაძლებლობის მქონე კანდიდატი, გამოკითხვებში ახლა არც ისე წარმატებულია. 45 წლის გუბერნატორი ქვეყნის ყურადღების ცენტრში კოვიდ-პანდემიის დროს მოექცა, როდესაც პანდემიის გავრცელების შემზღუდავი ზოგიერთი რეგულაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, არაერთი სამართლებრივი გამოწვევის და წაყენებული ბრალის მიუხედავად, მისი რეიტინგები მხოლოდ იზრდება. გამოკითხვებში ტრამპი დესანტისს დაახლოებით 37 %-ით უსწრებს. ეს მონაცემები "როიტერ"-"იპსოსის" კვლევაში 8-14 სექტემბრის გამოკითხვის შედეგად დაფიქსირდა.
სხვა კანდიდატებს შორის შედარებით დაწინაურებულნი არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი და მეწარმე ვივეკ რამასვომი. დებატების სცენაზე მათთან ერთად ასევე იდგებიან სამხრეთ კაროლინის სენატორი ტიმ სკოტი, ნიუ-ჯერსის გუბერნატორი ქრის ქრისტი და ჩრდილოეთ დაკოტის გუბერნატორი დაგ ბერგამი.
XS
SM
MD
LG