ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ღაზის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პალესტინელთა შორის ისრაელის დაბომბვით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ, ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს მონაცემები სიმართლესთან ახლოსაა.
ბაიდენმა თქვა, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ ინფორმაცია, რომელსაც პალესტინელები მსხვერპლის რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ, სწორია. ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ ფიქრობს ის ასე.
"ჰამასის" მიერ კონტოლირებულმა ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ 212-გვერდიანი ანგარიში გამოქვეყნა, სადაც იმ 7,000 ადამიანის სახელი გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემია, რომლებიც მათი განცხადებით, ისრაელის მიერ 8 ოქტომბერს დაწყებული დაბომბვების შედეგად გარდაიცვალა.
ჯერჯერობით საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია საშუალებები ვერ ახერხებენ საკმაო სიზუსტით გადაამოწმონ ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.
გაერო და სხვა მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ღაზის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და რეალურ მსხვერპლს შორის, შესაძლოა არსებობდეს მცირედი განსხვავება, თუმცა ძირითადად, ის სიმართლეს შეესაბამება და მათ ეჭვი არ შეაქვთ ამაში.
"ვაგრძელებთ მათი მონაცემების ჩვენს ანაგრიშებში შეყვანას",- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა სააგენტო "როიტერთან" საუბარში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ რაიანი ამბობს, რომ ორივე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, შესაძლოა არ იყოს სწორი ყოველწუთიერი სიტუაციის შესაბამისად, თუმცა ისინი ძირითადად სინამდვილეს ასახავენ.
იგივე აზრზეა ნიუ-იორკში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩი".
ისრაელმა "ჰამასს" ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს, დაჯგუფების მეომრები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. "ჰამასის" თავდასხმამ ისრაელში დაახლოებით 1 400 ადამიანი იმსხვერპლა, 200-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა და ათასობით ადამიანი დაჭრილი, ან დაშავებული დატოვა. ეს ისრაელის ბოლო ათწლეულების ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმაა.
ღაზის სექტორს, რომელსაც ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელი ინტენსიურად ბომბავს და პერიოდულად იქ სახმელეთო რეიდებსაც აწყობს. ვაშინგტონს "ჰამასი" უცხოეთის ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 1997 წლის შემდეგ ჰყავს შეყვანილი.