ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა პირველი დებატებისთვის ემზადება


ადრიან არშტის ცენტრი ფლორიდაში - აქ გაიმართება პირველი დებატები
ადრიან არშტის ცენტრი ფლორიდაში - აქ გაიმართება პირველი დებატები

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს წინ ცხელი ზაფხული აქვთ. დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი საპრეზიდენტო კანდიდატების ჯგუფიდან, 20 წამყვანი კანდიდატი პირველი დებატებისთვის ემზადება, რომელიც ფლორიდაში ხვალ და ზეგ გაიმართება.

კანდიდატების სიმრავლის გამო, დებატები 26-27 ივნისს, ორ ეტაპად ჩატარდება. სცენაზე ორი დღის განმავლობაში, 10-10 კანდიდატი იქნება. კანდიდატები დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მიერ გათამაშებული ლატარიის შედეგების მიხედვით დაჯგუფდნენ.

ყურადღების ცენტრში გამოკითხვების ლიდერი, ქვეყნის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალი წლის არჩევნებზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად, ის საუკეთესო კანდიდატია. თუმცა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პარტიის გაერთიანებაზეც ზრუნავს. "საქმე რაშია: ვინც არ უნდა იყოს დემოკრატების ნომინანტი, ერთად დგომა უნდა გავაგრძელოთ და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ" - აცხადებს ის.

პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლ კანდიდატებს ოთხშაბათს და ხუთშაბათს, შანსი ექნებათ თავიანთი პროგრამები უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ. მათი დაპირისპირების მაყურებელ ამომრჩეველს კი გაცილებით ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ეძლევა.

დებატები პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მისი სპონსორები არიან: "ენ-ბი-სი", "ემ-ეს-ენ-ბი-სი" და "ტელემუნდო" (NBC, MSNBC, Telemundo). ორივე შეხვედრას ქალაქ მაიამიში მდებარე, ადრიან არშტის ცენტრის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.

გამოკითხვების ლიდერები - ჯო ბაიდენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი - დებატების სცენაზე ხუთშაბათს გამოჩნდებიან. მათთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ: სენატორები: მაიკლ ბენეტი, კრისტენ გილიბრენდი და კამალა ჰარისი; საუთ ბენდის მერი პიტ ბუტეჯეჯი; კოლორადოს ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰიკენლუპერი; კალიფორნიის წარმომადგენელთა პალატის წევრი ერიკ სუაველი; მწერალი მარიან უილიამსონი და ყოფილი ბიზნესმენი ენდრიუ იანგი.

მანამდე კი, ოთშაბათს დაგეგმილ პირველ დებატებში მონაწილეობას იღებენ: სენატორები: კორი ბუკერი, ემი კლობუჩარი და ელიზაბეტ უორენი; წარმომადგენელთა პალატის წევრები: ტულსი გაბარდი და ტიმ რაიანი; წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრები: ჯონ დელეინი და ბეტო ო'რურკი; განსახლების და ურბანული განვითარების ყოფილი მდივანი ხულიან კასტრო; ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო და ვაშინგტონის გუბერნატორი ჯეი ინსლი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG