ზოგიერთი ამერიკელისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, თუმცა დემოკრატების უმეტესობა ახლა ნიუ-ჰემპშირის პირველი პრაიმერისთვის ემზადება. პარტიის 18 წევრს უკვე გამოთქმული აქვს სურვილი გახდეს საპრეზიდენტო კანდიდატი.
ნიუ-ჰემპშირის მოსახლეობა პოლიტიკას მათი შტატის უმთავრეს "სპორტის სახეობად" მიიჩნევს და ბევრი აღტაცებულია იმით, რომ დემოკრატთა პირველ პრაიმერს სწორედ მათი შტატი უმასპინძლებს.
"კამპანიის წარმოებისთვის ადრე სულაც არაა", - ამბობს დენი არნოლდი, შტატის მცხოვრები, რომელიც ადგილობრივ ყავის მაღაზიაში ნიუ-იორკის სენატორ კისტენ ჯილიბრენდთან შესახვედრაზე დასასწრებად იყო მისული. "მინდა ყველა კანდიდატს მოვუსმინო, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ვის მივცე ხმა", - ამბობს ის.
"ზედმეტად ადრე კამპანიისთვის" - აქ ასე არავინ ფიქრობს, არც კანდიდატები და არც შტატის მცხოვრებნი. დემოკრატებმა უნდა შეარჩიონ ადამიანი, რომელიც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება და დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის იბრძოლებს 2020 წელს. მერილენდის შტატის ყოფილმა კონგრესმენმა კონ დილანიმ ნიუ-ჰემპშირში ვიზიტები 2017 წელს დაიწყო.
გასულ უქმეებზე პოტენციურ ამომრჩევლებს სამი პრეტენდენტი ხვდებოდა, კირსტენ ჯილიბრენდი, ნიუ-ჯერსის სენატორი კორი ბუკერი და პიტ ბუტეჯეჯი, ინდიანის შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერი. რადგან აქ პირველი პრაიმერი ტარდება, შტატის მცხოვრებთა აზრს განსაკუთრებული გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორი მიმართულებით წარიმართება პროცესები. ამომრჩევლები ამ პასუხისმგებლობას იაზრებენ.
"ვფიქრობ ხალხი ნამდვილად ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ პასუხისმგებლობას და ცდილობენ მაქსიმალურად ინფორმირებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღონ", - ამბობს სეთ ფეისი, დამამთავრებელი კლასების მოსწავლე, რომელსაც მომავალ წელს ხმის უფლება პირველად ექნება.
უამრავმა ნიუ-ჰემპშირელმა საკუთარი უქმეები სწორედ სხვადასხვა პოლიტიკურ შეხვედრაზე დასასწრებად გამოიყენა. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი კანდიდატისთვის მოესმინათ ყურადღებით.
პრაიმერებამდე ჯერ კიდევ ათი თვეა დარჩენილი, თუმცა მაღალი პოლიტიკური აქტოვობა ამ თვეში უჩვეულო არავისთვისაა. ნილ ლევესქის, წმინდა ანსელმის კოლეჯის პოლიტიკური მკვლევარის აზრით, უჩვეულო მხოლოდ იმ პრეტედენტების რაოდენობაა, რომლებიც დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის იბრძვიან.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლიდერების დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობენ და თითოეულ მათგანს გამოკითხულ დემოკრატთა მეოთხედი უჭერს მხარს. ამავე კვლევების თანახმად, კალიფორნიელი სენატორი კამალა ჰარისი, მასაჩუსეტსელი ელიზაბეტ უორენი და ტეხასის ყოფილი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი ასევე ლიდერებს შორის არიან დემოკრატი ამომრჩევლის ინტერესის თვალსაზრისით.
იმ 18 დემოკრატიდან, რომლებმაც ამ დრომდე ოფიციალურად გამოაცხადეს იმის შესახებ, რომ კანდიდატობა სურთ, ან რომლებმაც საარჩევნო კომიტეტები შექმნეს, 6 სენატორია, 3 კონგრესმენი, ერთი გუბერნატორი და ერთიც ყოფილი გუბერნატორი. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ ერთმანეთისგან განმასხვავებელ საკუთარ თვისებებს, შეხედულებებს და მიზნებს გაუსვან ხაზი.
"ჩემი სათქმელი ძალიან განსხვავებულია. მე ნიუ-იორკის შტატის სოფლიდან ვარ წარმოშობით, მე ორჯერ მოვიგე უბანი, რომელიც რესპუბლიკურ უბნად ითვლებოდა", - ამბობს კირსტენ ჯილიბრენდი და ამომრჩეველთან შეხვედრაზე იმასაც უსვამს ხაზს, რომ ტრამპის კაბინეტის წევრობის კანდიდატების წინააღმდეგ იმაზე მეტჯერ აქვს ხმა მიცემული, ვიდრე ვინმე სხვას. ამით საკუთარი "გამბედაობის" წინ წამოწევას ცდილობს და ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის დასამარცხებლად.
ნიუ-ჯერსის სენატორი კორი ბუკერი კი ამბობს, რომ დიდი ქალაქის, ნიუარკის მერობამ მას ის შესძინა, რის გამოც უნიკალური კანდიდატია: "არ ვიცი ვინმე, ვინს გაიმარჯვა დიდ ქალაქში და 60 წლის განმავლობაში უდიდეს ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია. მე ასევე ვიყავი სენატორი და მონაწილეობა მიმიღია ბევრი მნიშვნელოვანი კანონის შექმნაში, მაგალითად როგორიცაა ბირთვული რეგულაციები და ისეთი კანონები, რომლებიც რასობრივ უთანასწორობას ამცირებს ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს ბუკერი.
თუმცა ის ერთადერთი ადამიანი არაა მერობის გამოცდილებით. პიტ ბუტეჯეჯი 37 წლის დემოკრატია, რომელიც საუთ-ბენდის მერია. ქალაქს სულ 100 000-მდე მოსახლე ჰყავს, თუმცა ბუტეჯეჯი ამბობს, რომ მისი გამოცდილება მისი მეტოქეებისას არ ჩამოუვარდება. ბუტეჯეჯის ასაკისვეა ტულსი გაბარდი, ჰავაის წარმომადგენელი კონგრესში. თუკი რომელიმე მათგანი გაიმარჯვებს, ისინი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტები იქნებიან ამერიკის ისტორიაში.
2016 წელს ნიუ-ჰემპშირის პრაიმერი ბერნი სანდერსმა მოიგო, თუმცა საბოლოოდ ის პარტიის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა. სანდერსი სავარაუდოდ წელსაც წარმატებული იქნება პირველ პრაიმერში.
საბოლოო ჯამში, ამდენ დემოკრატ კანდიდატსა და მათ მსგავსება-განსხვავებებს შორის ამომრჩეველი მაინც იმ მთავარ მახასიათებლებს ეძებს, რომელიც მას პრეზიდენტ ტრამპის დამარცხებაში დაეხმარება. გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იქნება - ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი დაამარცხოს მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი.
Facebook Forum