დღეს, მოსკოვის სასამართლომ ალექსენი ნავალნის საქმის მოსმენა დაიწყო. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დაარღვია თუ არა ნავალნიმ პირობითი სასჯელის პირობები.
რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნავალნი ბრალდებას უარყოფს. ის არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მან დროულად არ შეატყობინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
"მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ მომწამლეს და გერმანიაში ვიყავი, როგორ ამბობთ, რომ არ იცოდით სად ვიყავი", თქვა ნავალნიმ.
ნავალნი აგვისტოში საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახის წევრებმა და თანაპარტიელებმა, კომაში მყოფი ოპოზიციონერი გერმანიაში გადაიყვანეს. ნავალნი მოწამვლაში ბრალს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დებს.
იმ პერიოდში, როდესაც ნავალნი მოწამლეს, მას პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. ქვეყნიდან წასვლისა და გერმანიაში ჯერ სამკურნალოდ, შემდეგ კი რეაბილიტაციისთვის დარჩენის გამო, რუსული მართლმსაჯულების სისტემა ნავალნის კანონის დარღვევას ედავება. მას ბრალად დებენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არ გამოცხადებით, კანონი დაარღვია. სასამართლო სწორედ ამიტომ, პირობითი სასჯელის სასპატიმროთი შეცვლას განიხილავს.
17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი ჯერ სხვა აეროპორტში დასვეს, დაგეგმილის ნაცვლად, შემდეგ კი პოლიტიკოსი, საპასპორტო კონტროლზე დაკაავეს. მას ახლა 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო პროცესს ნავალნი შუშის კაბინიდან ადევნებდა თვალს, თავის სიტყვით გამოსვლაში მან ბრალდება უარყო და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა მის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ კომაში იყო, შემდეგ კი მოწამვლის გვერდითი ეფექტებისა და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, უბრალოდ ვერ შეძლებდა მოსკოვში ეცნობებინა მისი ადგილსამყოფელის შესახებ. გარდა ამისა, ისედაც ყველამ იცოდა, სად და რატომ იყო წასული ის.
სასამართლოს დროს ნავალნიმ ცოლს, იულია ნავალნაიასაც მიმართა: "მითხრეს, რომ სერიოზულად დაგირღვევია საზოგადოებრივი წესრიგი და ცუდი გოგოსავით იქცეოდი. ძალიან ვამაყობ შენით", თქვა მან.
ნავალნის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან პოლიტიკოსის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა. დაკავებულების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტო "როიტერი" ამბობს, რომ მათმა ჟურნალისტებმა, დაახლოებით 60 ადამიანის დაკავება იხილეს. რუსული დამოუკიდებელი მედია "დოჟდი" კი 311 დაკავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
რუსეთში 2 კვირაზე მეტია ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს.
ნავალნის დაკავების გამო, შეშფოთება გამოთქვეს დასავლეთის ლიდერებმა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნავალნის საკითხი, დაკავება და მოწამვლა, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონი ზარისას განიხილა.
ექსპერტები თვლიან, რომ ნავალნის დაკავებამ, შესაძლოა, დიდი ბზარი გააჩინოს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში, ზუსტად ისე, როგორც ეს მიხაილ ხადარკოვსკის შემთხვევაში მოხდა. ნავთობმაგნატი ხადარკოვსკი, პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი, 2003 წელს დააკავეს და მან ციხეში 10 წელი დაჰყო.
Facebook Forum