ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ამერიკაში საავადმყოფოები გადაივსო


კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში სავაადმყოფოები კვლავ პაციენტებით ივსება. გასულ კვირასთან შედარებით, დადასტურებული ახალი შემთხვევები 35%-ითაა გაზრდილი. ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები დღეში 100 000-ს აჭარბებს. ჯანდაცვის სპეციალისტები განმრტავენ, რომ შემთხვევების ასეთი სწრაფი ზრდა, აუცრელ ადამიანებს შორის დელტა ვარიანტის გავრცელებით აიხსნება. ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, ამერიკაში დაახლოებით, 93 მილიონი ამერიკელია, ვისაც იმუნიზაცია ეკუთვნის და არ იცრება. ინფიცირების მკვეთრი ზრდის კიდევ ერთი მიზეზი კი 12 წლამდე ბავშვებში დელტა ვარიანტის გავრცელებაა.

ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული შტატი ამ მხრივ ფლორიდაა, სადაც „ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ თანახმად, უკვე 8 დღეზე მეტია პაციენტების ჰოსპიტალიზაციამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. მსგავსი სიტუაციის გამო, უკვე დაიწყო საუბარი პირბადეების ტარების რეგულაციის დაბრუნებაზეც. ამ დროისთვის, ამერიკაში პირბადის ტარების ვალდებულება აქვს ყველას, ვინც დახურულ სივრცეში იმყოფება, მიუხედავად მისი ვაქცინაციის სტატუსისა.

საუბარი დაიწყო იმაზეც, რომ სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. სასწავლო წლის დაწყებამდე იცრებიან მოსწავლეებიც. ამერიკაში 12-16 წლის ასაკის მოზარდებს ფაიზერის ვაქცინით ცრიან. თუმცა, 12 წელს ქვევით ბავშვებისთვის კორონავირუსისგან დამცავი სამედიცინო საშუალებები ჯერ არ არსებობს.

სავალდებულო ვაქცინაცია მოითხოვა პენატგონმაც და ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. პენტაგონში აცხადებენ, რომ უკვე ელოდებიან პრეზიდენტის თანხმობას სექტემბრის შუა რიცხვებისთვის 1,3 მილიონი სამხედროს სავალდებულო აცრის შესახებ. პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ მოუწოდა სამხედროებს ახლავე აიცრან და არ დაელოდონ სავალდებულო აცრის პერიოდს.

დიდი ალბათობით, პენტაგონის მოთხოვნას, პრეზიდენტი ბაიდენი დაეთანხმება. ცოტა ხნის წინ მან თქვა, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების პარალელურად, ქვეყანა კვლავ „საომარ მდგომარეობაშია" და ყველა ამერიკელი, ვისაც ამის საშუალება აქვს, უნდა აიცრას.

ამ დროისთვის ამერიკაში კორონავირუსის 36 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 600 000-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ვაქცინებს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 195 მილიონზე მეტ ადამიანს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 166 მილიონზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG