ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდსიტუაცია საქართველოში: 3 დღეში 150 გარდაცვლილი


საქართველოში კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო დღეებში შესამჩნევად გაიზარდა და 3 დღეში 150-მდე ავიდა. ბოლო 24 საათში 48 ადამიანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც პანდემიის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 230 გახდა.

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს თქვა, რომ ეს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკური მაჩვენებელი ჯერ არ არის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოთვლები აჩვენებს, რომ ქვეყანა ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს 20 აგვისტოსთვის ელოდება.

ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

"ჯერჯერობით გვაქვს აღმავალი ტალღა და ეს არ არის დამდგარი პიკი, ვითარება არის საკმაოდ რთული... დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას, ვინაიდან, ეს არის თანმხლები პროცესი ინფექციის გავრცელების" - განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში.

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალიზაციის მზარდ მაჩვენებლებთან გამკლავებას ცდილობს. ტიკარაძის თქმით, ისინი მუშაობენ ინფიცირებულებისთვის დამატებითი სივრცეების გამოყოფაზე, ოღონდ ისე, რომ საველე ჰოსპიტლების ზრდას როგორმე თავი აარიდონ.

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდა, მათ დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება მოუწევთ. გაბუნიას თქმით, "ახლა საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში" - ამბობს თამარ გაბუნია.

მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ძირითადი ნაწილი, 80% საშუალო და მსუბუქია, 15% მძიმეა, 5% კი კრიტიკულ ვითარებაში იმყოფება. მისი აზრით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ კიდევ უფრო გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და სადაც რეგულაციებს არ იცავენ, შესაბამისი სასჯელი უნდა იყოს შემოღებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 50 430 ტესტით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების საერთო მაჩვენებელი ახლა ვებგვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 461 198-ს შეადგენს. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის მანძილზე 10.61 პროცენტია. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 45 832-ს უტოლდება. აქედან 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში: თბილისში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941. მათ შორის მძიმე პაციენტად 1 322 ადამიანი ითვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG