ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად, მოქალაქეებს ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა დასჭირდებათ


ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, სამშაბათს განაცხადა, რომ ქალაქში არსებულ დაწესებულებებში შესასვლელად, ამიერიდან ყველას მოუწევს ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. ნიუ-იორკელები საყვარელ კაფეებში, ბარებში, სავარჯიშო დარბაზებსა, თუ კინოთეატრებში, მხოლოდ ვაქცინაციის ფურცლის, ან ონლაინ საბუთის ჩვენების შემთხვევაში დაიშვებიან. ნიუ-იორკი ამერიკაში პირველი დიდი ქალაქია, სადაც ვაქცინაციის მოწმობის ჩვენება სავალდებულო გახდა.

მერის განცხადებით, ეს ბრძანება ძალაში სრულად 2 კვირაში შევა. 2 კვირის განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობა იმუშავებს იმაზე, რომ მოსახლეობას და ბიზნესებს საკმარისი ინფორმაცია მიაწოდოს ამ პროცესის შესახებ. ბრძანება 16 აგვისტოდან ყველა ნიუ-იორკელს და ნიუ-იორკში ტურისტად ჩასულ ადამიანს შეეხება.

ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ასევე, სავალდებულო გახდება ვაქცინაცია მათთვის, ვინც ბიზნესს ფლობს და მათთვისაც, ვინც ამ დაწესებულებებშია დასაქმებული.

ბილ დე ბლაზიო, ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ნიუ-იორკელს მოუწოდოს აცრისკენ, თუმცა ზოგიერთი სხვა შტატის ქალაქების მსგავსად, ძალაში არ აბრუნებს პირბადის ტარების სავალდებულო წესს. ყველა გამოსვლის დროს მერი ამბობს, რომ "იძლევა მყარ რეკომენდაციას" პირბადეების ტარებისთვის.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, ნიუ-იორკში ზრდასრული მოსახლეობის 66%-ია სრულად ვაქცინირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG