ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი სანტოსი პალატიდან გარიცხეს


კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი
კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსის ხანმოკლე კარიერა წაყენებული ბრალდებების გამო დასრულდა. დღეს, 1 დეკემბერს, კონგრესმა კენჭი უყარა პალატიდან მის გაძევებას კორუფციის ბრალდებებისა და საარჩევნო კამპანიის თანხების არასწორად ხარჯვის გამო.

სანტოსი რიგით მესამე კონგრესმენია და პირველი რესპუბლიკელი, რომელიც კანონმდებლებმა საკუთარი რიგებიდან გააძევეს. მან შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 10 თვეზე ოდნავ მეტი იმსახურა.

ცოტა ხნით ადრე, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ის ხმას გარიცხვის წინააღმდეგ მისცემდა. ამის შესახებ მისი აპარატის წევრმა უთხრა მედიას.

35 წლის სანტოსი 2022 წლის არჩევნების შემდეგ სკანდალების მთელ სერიაშია ჩართული. მან უკვე აღიარა საკუთარი ბიოგრაფიის დიდი ნაწილის გაყალბება. ფედერალური პროკურორი მას კამპანიის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში და დონორების მოტყუებაში სდებს ბრალს. სანტოსი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

ის, ნოემბრის დასაწყისში, ერთხელ უკვე გადაურჩა კონგრესიდან გაძევების მცდელობას, როდესაც მისმა თანაპარტიელებმა და 31-მა დემოკრატმა მის გარიცხვას მხარი არ დაუჭირეს იმ მოტივით, რომ სანტოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო.

გასულ თვეში კონგრესის ორპარტიულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან საარჩევნო კამპანიის ფონდიდან თითქმის 4000 დოლარი გადაიხადა სპაში მიღებული მომსახურებისთვის, რაშიც ბოტოქსიც შედიოდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მან კამპანიისთვის შეწირული ფულიდან კიდევ 4000 დოლარი „ჰერმესის“ მაღაზიაში და "მცირე შესყიდვებისთვის" დახარჯა ონლაინ პლატფორმიდან, რომელიც სექსუალურ კონტენტს ყიდის.

XS
SM
MD
LG