ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კისინჯერის დიპლომატია


ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი

ჰენრი კისინჯერი, დიპლომატი, რომლის როლმა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა და სახელმწიფო მდივანმა ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, წარუშლელი კვალი დატოვა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე, ოთხშაბათს 100 წლის ასაკში 29 ნოემბერს გარდაიცვალა.

კისინჯერი გარდაიცვალა საკუთარ სახლში კონექტიკუტის შტატში, ნათქვამია მისი გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის, Kissinger Associates Inc-ის განცხადებაში. მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ არაფერია ნათქვამი.

მას საოჯახო პანაშვიდზე დაასვენებენ და მოგვიანებით კი ნიუ-იორკში საჯარო მემორიალური პანაშვიდი შედგება.

კისინჯერი სიცოცხლის ბოლომდე აქტიური იყო, ესწრებოდა შეხვედრებს თეთრ სახლში, აქვეყნებდა წიგნებს და აძლევდა ჩვენებებს ამერიკის კონგრესში. 2023 წლის ივლისში ის მოულოდნელი ვიზიტით ეწვია პეკინს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად.

1970-იან წლებში, ცივი ომის შუაგულში, მან მონაწილეობა მიიღო ცვალებად გლობალურ მოვლენებში, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა და სახელმწიფო მდივანმა რესპუბლიკელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციის პირობებში.

გერმანული წარმოშობის ებრაელი ლტოლვილის ძალისხმევას მოჰყვა ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დათბობა ჩინეთთან, აშშ-საბჭოთა მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის შესახებ, კავშირების გაფართოება ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის და პარიზის სამშვიდობო შეთანხმება ჩრდილოეთ ვიეტნამთან.

ჰენრი კისინჯერი და ლეონიდ ბრეჟნევი, 1974 წელი
ჰენრი კისინჯერი და ლეონიდ ბრეჟნევი, 1974 წელი

კისინჯერის, როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორის გავლენა შემცირდა 1974 წელს ნიქსონის გადადგომის შემდეგ, უოტერგეიტის სკანდალის ფონზე. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობდა დიპლომატიურ საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მდივანი, ნიქსონის მემკვიდრის, პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის პირობებში და მოგვიანებით რჩევებს აძლევდა მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა ლიდერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქებს კისინჯერს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების და დიდი გამოცდილების გამო, სხვები მას ომის დამნაშავეს უწოდებენ ანტიკომუნისტური დიქტატურების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში. ბოლო წლებში მისი მოგზაურობები შემოიფარგლებოდა სხვა ქვეყნების მცდელობით, დაეპატიმრებინათ ან დაეკითხათ იგი აშშ-ის წარსული საგარეო პოლიტიკის შესახებ.

კისინჯერი და ში ძინპინი, 20 ივლისი, 2023
კისინჯერი და ში ძინპინი, 20 ივლისი, 2023

მას 1973 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამის ომში ამერიკის მონაწილეობის დასრულებისთვის. ეს იყო ნობელის კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაბიჯი. ნობელის კომიტეტის ორმა წევრმა თანამდებობა დატოვა გადაწყვეტილების გამო, რადგან გაჩნდა კითხვები ვაშინგტონის მიერ კამბოჯის საიდუმლო დაბომბვის შესახებ. ჩრდილო ვიეტნამელი დიპლომატი ლე დუკ ტო შეირჩა ჯილდოს კისინჯერთან ერთად გასაყოფად, თუმცა მან პრემიაზე უარი თქვა.

ფორდმა კისინჯერს "სუპერ სახელმწიფო მდივანი" უწოდა, მაგრამ ასევე აღნიშნა მისი თავდაჯერებულობა, რასაც კრიტიკოსები ხშირად ეგოიზმს უწოდებდნენ. ფორდმაც კი თქვა: "ჰენრის თავის გონებაში არასდროს დაუშვია შეცდომა".

წარსული

ჰაინც ალფრედ კისინჯერი დაიბადა ფურტში, გერმანიაში, 1923 წლის 27 მაისს და შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად 1938 წელს ევროპაში ანტისემიტური კომპანიის ფონზე გადავიდა.

მაო ძედუნი და ჰენრი კისინჯერი, 1973 წელი
მაო ძედუნი და ჰენრი კისინჯერი, 1973 წელი

კისინჯერმა სახელად ჰენრი დაირქვა და 1943 წელს გახდა აშშ-ის მოქალაქე. ის მსახურობდა ამერიკის არმიაში ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს და ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში სტიპენდიით, მიიღო მაგისტრის ხარისხი 1952 წელს და დოქტორის ხარისხი 1954 წელს. ის ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობდა მომდევნო 17 წლის განმავლობაში.

ამ პერიოდში, კისინჯერი მსახურობდა კონსულტანტად სამთავრობო უწყებებში, მათ შორის 1967 წელს, როდესაც ის იყო ვიეტნამთან სახელმწიფო დეპარტამენტის შუამავალი. მან გამოიყენა თავისი კავშირები პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციასთან, რათა გადაეცა ინფორმაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მისი მოწინააღმდეგე, ნიქსონის ბანაკისთვის.

ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი

როდესაც ნიქსონს ვიეტნამის ომის დასრულების დაპირება დაეხმარა 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში, მან კისინჯერი თეთრ სახლში წაიყვანა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი.

მაგრამ "ვიეტნამიზაციის" პროცესი - ომის ტვირთის გადატანა აშშ-ს 500 000 ჯარისკაციანი კამპანიიდან, სამხრეთ ვიეტნამზე - იყო ხანგრძლივი და სისხლიანი პროცესი, ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვით, ჩრდილოეთის ნავსადგურების დანაღმვით და კამბოჯის დაბომბვით.

კისინჯერმა 1972 წელს გამოაცხადა, რომ ვიეტნამში "მშვიდობა ხელთ არის", მაგრამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმებიდან, რომელიც 1973 წლის იანვარში მიიღწა, ორი წლის თავზე კომუნისტებმა სამხრეთის საბოლოო ხელში ჩაგდება მოახერხეს.

რიჩარდ ნიქსონი და ჰენრი კისინჯერი, 1973 წელი
რიჩარდ ნიქსონი და ჰენრი კისინჯერი, 1973 წელი

1973 წელს, კისინჯერი დაინიშნა სახელმწიფო მდივნად - რამაც მას დიდი როლი მიანიჭა საგარეო პოლიტიკაში. ის რჩებოდა ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობაზე.

არაბთა და ისრაელის კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად, კისინჯერმა მაღალი პროფილის დიპლომატიას მიმართა და იერუსალიმსა და დამასკოს შორის გატარებული ოცდათორმეტი დღე მას დაეხმარა მიეღო გრძელვადიანი შეთანხმება ისრაელსა და სირიას შორის ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე.

საბჭოთა გავლენის შემცირების მიზნით, კისინჯერმა თავის მთავარ კომუნისტ კონკურენტთან, ჩინეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკა წამოიწყო და იქ ორჯერ ჩავიდა, მათ შორის საიდუმლოდ, პრემიერ ჟოუ ენლაისთან შესახვედრად. შედეგი იყო ნიქსონის ისტორიული სამიტი პეკინში მაო ძედუნთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საბოლოო ფორმალიზება.

ჯერალდ ფორდის ადმინისტრაცია

უოტერგეიტის სკანდალმა, რომელმაც აიძულა ნიქსონი გადამდგარიყო, კისინჯერს გვედი აუარა, რადგან ის არ იყო ჩართული ნიქსონის გუნდის საიდუმლო მოსმენების დაფარვაში. მან განაგრძო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნა, როცა ფორდმა 1974 წლის ზაფხულში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. მაგრამ ფორდმა ის ჩაანაცვლა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობაზე, რათა მეტი განსხვავებული აზრი მოესმინა საგარეო პოლიტიკაზე.

ჰენრი კისინჯერი და რიჩარდ ნიქსონი ჩინეთში ვიზიტისას, 1972 წელი
ჰენრი კისინჯერი და რიჩარდ ნიქსონი ჩინეთში ვიზიტისას, 1972 წელი

იმავე წელს კისინჯერი ფორდთან ერთად საბჭოთა კავშირში, ვლადივოსტოკში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტი შეხვდა საბჭოთა ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევს და დათანხმდა სტრატეგიული შეიარაღების პაქტის ძირითად ჩარჩოს. აღნიშნულს მოჰყვა „დაშოშმინების“ პერიოდი საბჭოთა კავშირთან, რაც გულისხმობდა აშშ-საბჭოთა დაძაბულობის განმუხტვას.

მაგრამ კისინჯერის დიპლომატიურ უნარებს თავისი საზღვრები ჰქონდა. 1975 წელს ის გააკრიტიკეს, რომ მან ვერ დაარწმუნა ისრაელი და ეგვიპტე, შეთანხმებულიყვნენ სინაის ნახევარკუნძულის საკითხზე.

ხოლო 1971 წლის ინდოეთ-პაკისტანის ომში ნიქსონი და კისინჯერი მკაცრად გააკრიტიკეს პაკისტანის მხარდაჭრისკენ გადახრისთვის.

კისინჯერი, ნიქსონის მსგავსად, ეწინააღმდეგებოდა კომუნისტური იდეების გავრცელებას დასავლეთ ნახევარსფეროში და საპასუხო ქმედებებმა ლათინო-ამერიკელთა შორის, ვაშინგტონის მიმართ მომავალ წლებში ღრმა უნდობლობა განაპირობა.

დემონსტრანტები აპროტესტებენ კისინჯერის პოლიტიკა, 2015 წელი
დემონსტრანტები აპროტესტებენ კისინჯერის პოლიტიკა, 2015 წელი

1970 წელს მან CIA-სთან ერთად, მარქსისტული, მაგრამ დემოკრატიულად არჩეული ჩილეს პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს დამხობის და დესტაბილიზაციის სცენარები შეიმუშავა. ხოლო 1976 წელს არგენტინის სისხლიანი გადატრიალების შემდეგ შიდა მემორანდუმში თქვა, რომ სამხედრო დიქტატორები უნდა წაახალისონ.

როდესაც 1976 წელს ფორდი დამარცხდა დემოკრატ ჯიმი კარტერთან, კისინჯერის პერიოდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასრულდა. თეთრ სახლში შემდეგი რესპუბლიკელი, რონალდ რეიგანი, დისტანცირებული იყო კისინჯერისგან, რომელიც მის საარჩევნო გუნდში არ იყო.

მთავრობის დატოვების შემდეგ, კისინჯერმა ნიუ-იორკში დააარსა საკონსულტაციო ფირმა. ის მონაწილეობდა კომპანიის საბჭოებში და სხვადასხვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ფორუმებში, წერდა წიგნებს და გახდა რეგულარული მედია კომენტატორი საერთაშორისო საკითხებზე.

1964 წელს ის დაშორდა თავის პირველ მეუღლეს, ენ ფლეიშერს და 1974 წელს დაქორწინდა ნენსი მაგინზე, ნიუ-იორკის გუბერნატორის ნელსონ როკფელერის თანაშემწეზე. მას ორი შვილი დარჩა პირველი ცოლისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG