ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ავღანეთის საჰაერო ძალების თავდასხმას 30 ბავშვი ემსხვერპლა


„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავღანეთის საჰაერო ძალების მიერ, ერთი თვის წინ, ღია ცის ქვეშ რელიგიურ თავყრილობაზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად 30 ბავშვი დაიღუპა და 51 კი დაშავდა.

სულ მცირე 6 მოზრდილი დაიღუპა და 20 დაიჭრა, როდესაც ავღანურმა ვერტმფრენებმა ყუნდუზის პროვინციაში შეკრებილ მამაკაცებსა და ბიჭებზე მიიტანა იერიში. ისინი მოსწავლეების მიერ ყურანის სწავლის აღსანიშნად იყვნენ შეკრებილნი.

ავღანეთის ხელისუფლება ამბობს, რომ მისი სამიზნე „თალიბანის“ ლიდერები იყვნენ, მათ შორის, დაჯგუფების პაკისტანური ნაწილის მმართველი საბჭოს წარმომადგენელი.

ქაბული აღიარებს, რომ თავდასხმას სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა თავიდან ამტკიცებდა, რომ დაღუპულთაგან თითქმის ყველა „თალიბანის“ წევრი იყო.

გაეროს გამომძიებლებმა ვერ შეძლეს იმის დადასტურება იმყოფებოდნენ თუ არა მართლაც „თალიბანის“ ლიდერები ამ თავყრილობაზე, თუმცა ზოგიერთი მოწმის ცნობით, ისინი იქ ნამდვილად იყვნენ.

2018 წლის პირველ მეოთხედში ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლი რეკორდულად დიდია. გაეროს მონაცემებით, იანვრიდან მარტამდე პერიოდში 2 258 სამოქალაქო პირი დაიღუპა ან დაშავდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი მეამბოხეების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. თუმცა ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა ავღანეთის საჰაერო ძალებიც, რომელსაც ახლა საჰაერო თავდასხმების მეტი შესაძლებლობა აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG