ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელები რომლებიც უკრაინელ დევნილებს შეიფარებენ მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ


მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განაახლა, რომელსაც კრემლში „სპეცოპერაციად“ მოიხსენიებენ, უკრაინა 2.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სპეციალისტების თქმით, დევნილთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ იმ ბრიტანულმა ოჯახებმა, რომლებიც უკრაინელ დევნილებს შეიფარებენ, მთავრობისგან მიიღონ 350 ფუნტის (456 ამერიკულ დოლარის) დახმარება.

დევნილთა მიმღები ოჯახები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან, სადაც მათი ისტორია გადამოწმდება და ასევე გარემო, სადაც დევნილებს ცხოვრება მოუწევთ.

ახალი ინიციატივის ამუშავება მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამისთვის იხდნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ ინიციატივა, თუ რამდენი ადამიანის შეფარება შეუძლიათ.

ბრიტანეთში ამბობენ, რომ მთავრობა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში დააფინანსებს უკრაინელი დევნილების შესაფარებელ თანხას.

მთავრობის ინიციატივამ, უკრაინელი დევნილების დიდ ბრიტანეთში უვიზოდ ჩასვლის თაობაზე, პარლამენტში ხმაური გამოიწვია. დეპუტატთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს საფრთხის შემცველია.

ბორის ჯონსონის მთავრობა მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინა რთულ ვითარებაშია და დასავლეთმა უკრაინის დასახმარებლად მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 2.6 მილიონმა ადამიანმა უკვე დატოვა, სულ კი შესაძლოა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბოს. ამ დროისთვის ყველაზე მეტი დევნილი უკრაინიდან პოლონეთს აფარებს თავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG