ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის თქმით ავიამოიერიშეების თემა ნატოში უნდა გადაწყდეს


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო ავიამოიერიშეების გადასაცემად ნატოს ქვეყნებმა ერთად უნდა მიიღონ. ეს განცხადება პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა პოლონეთის შეთავაზებაზე, რომ მათი ყველა მიგ-29 მოიერიშე გერმანიაში ამერიკულ ავიაბაზაზე განთავსებულიყო და შემდეგ გადაეცათ ის უკრაინისთვის.

კრემლმა თვითმფრინავების უკრიანისთვის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომ ეს "პოტენციურად საშიში და არასასურველი სცენარია".

უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის თავზე "ცის ჩაკეტვას" სთხოვს, რაც ქვეყნის რუსული საჰაერო იერიშებისგან დაცვას გულისხმობს. თუმცა ნატოს ქვეყნები ამ ნაბიჯისგან კონფლიქტში მხარედ ჩართვის რისკის გამო იკავებენ თავს. ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს ავიამოიერიშეების გადაცემას სთხოვს, რათა ქვეყნის საჰაერო შეიარაღებულმა ძალებმა თავად შეძლონ თავდაცვა.

სამშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად იყო მისი MIG-29 ტიპის ყველა მოიერიშე აშშ-ის რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, გერმანიაში განეთავსებინა და შემდეგ თავად ვაშინგტონს გაეგზავნა ისინი უკრაინისთვის. ქვეყანამ ნატოს მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. თუმცა პენტაგონი ამ ვარიანტს ენთუზიაზმით არ შეხვდა. იქამდე პენტაგონი ამბობდა, რომ ის მხარს უჭერდა ვარშავის მიერ თვითმფრინავების გადაცემას და რომ პოლონეთის არსენალს ამერიკული მოიერიშეებით შეავსებდა, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების განცხადებით, პოლონეთის უკანასკნელი წინადადება მათთან შეთანხმებული არ იყო. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.

"ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება, როგორიცაა თვითმფრინავების მიწოდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ერთხმად უნდა იყოს მიღებული. ჩვენ არ ვართ თანახმა, რომ თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ ჩვენგან მოხდეს, რადგან ეს ნატოს ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა იყოს", - თქვა მათეუშ მორავიეცკიმ ვენაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG