ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დე ფაქტო ცხინვალი დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებში ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გახსნის


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკის და ლუჰანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ იუწყება. დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის დაჩქარებაზე აკეთებს აქცენტს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება იუწყება.

მედოევის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხინვალი ყურადღებით აკვირდება დონბასის ე.წ. რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 24 თებერვალს დაწყებულ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე. უკრაინაში რუსეთის აგრესიულ შეჭრას და ომს ოკუპირებულ რეგიონებში „სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთში დადებითად აღიქვეს და სრულად დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ქალაქებისა და სოფლების განუწყვეტელ სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ნადგურდება დასახლებები და სამრეწველო საწარმოები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა“.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის კურსი „დონბასის ახალ სახელმწიფოებთან მრავალმხრივი კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე ტარდება. უახლოეს მომავალში, ვითარების დასტაბილურების შემდეგ, გაგრძელდება დიალოგი სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიპლომატიური მისიების ურთიერთგახსნის საკითხზე“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG