ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსნიელმა სერბებმა "აგენტების" კანონპროექტი გადასინჯვის მიზნით გაიწვიეს


სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი ბოსნიაში მილორად დოდიკი
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი ბოსნიაში მილორად დოდიკი

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალმა სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების" თაობაზე შემუშავებული კანონპროექტი უკან გაიწვია. მას პარლამენტის გაფართოებული სესია ამ ეტაპზე აღარ განიხილავს.

გადაწყვეტილების თაობაზე ბოსნიაში სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა სოციალურ ქსელ "X"-ში დაწერა. მისი თქმით, კანონპროექტი გაწვეულია გადასინჯვის მიზნით, რადგან საჭიროა ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, სერბთა რესპუბლიკა კი "თავისი ევროპული გზის ერთგულია“.

ბოსნიელ სერბთა ნაბიჯი დროში ემთხვევა მსგავსი კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც კანონზე პრეზიდენტის ვეტო ხმათა უმრავლესობით დაძლია. საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" ხელახლა ინიცირების დღიდან, მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ბოსნიელ სერბთა გადაწყვეტილების თაობაზე 28 მაისს გახდა ცნობილი. განცხადება პირველმა სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა გააკეთა, თუმცა მთავრობის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის მიზეზებზე მას გუშინ არ უსაუბრია.

"უცხოეთის აგენტების" კანონპროექტი სერბთა რესპუბლიკაში 2022 წელს შემუშავდა. მაშინ მასზე განცხადება პრორუსმა პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა გააკეთა, რომელიც პარლამენტში უმრალესობის მქონე პარტიის ლიდერიცაა. დოდიკზე შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთს სანქციები აქვთ დაწესებული, "დეიტონის შეთანხმებისთვის" ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო, რომელმაც 1992-95 წლებში ბოსნიის ომი დაასრულა.

კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგში განსახილველად წელს, 22 მაისს შევიდა. დებატები 29 მაისს უნდა გამართულიყო, იმის მიუხედავად, რომ 46-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეპუტატებს წერილობითი თხოვნით მიმართა, არ განეხილათ აღნიშნული კანონპროექტი.

კანონპროექტი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში აღრიცხვას ითვალისწინებს. რიგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათი მუშაობის აკრძალვაც. კანონპროექტის მომხრეთა აზრით, „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ მოიაზრება არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომელთაც კავშირი აქვთ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ უცხოურ ორგანიზაციებთან. მათი მტკიცებით, ისინი გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და არღვევენ სერბთა რესპუბლიკის კონსტიტუციას.

შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სერიოზულად შელახავდა. ეუთომ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, გასულ კვირას გააფრთხილა ბოსნიელი სერბები, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება მათივე რესპუბლიკისა თუ ბოსნიის კონსტიტუციებს, ისევე, როგორც ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების პატივისცემის თაობაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG