ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ავღანეთის შესახებ კანონმდებლების კითხვებს პასუხობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წარმომადგენელთა პალატის წინაშე ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გამოსვლის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად წარსდგა. დღეს კი ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთა კითხვებს პასუხობს.

ორშაბათს პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი კანონმდებლების შეკითხვებს ბლინკენი ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა. სახელმწიფო მდივანმა ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა და მიუხედავად ზოგიერთი კრიტიკული შეკითხვისა, გადაწყვეტილების მართებულობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.


ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ თუკი პრეზიდენტი ბაიდენი ომის გაგრძელებას გადაწყვეტდა, ეს არსებითად მეტი ამერიკელი სამხედროს ავღანეთში გაგზავნის საჭიროებას შექმნიდა, საბოლოოდ კი მეტ მსხვერპლსაც გამოიწვევდა. ხოლო მდგომარეობა კვლავ ჩიხში შევიდოდა.

მისი განმარტებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ავღანეთში ამერიკის ჯარის უფრო დიდხანს დარჩენა ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ან ავღანეთის ხელისუფლებას უფრო დამოუკიდებელს, თვითმყოფადს და გამძლეს გახდიდა თალიბანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

"თუკი ოცი წელი და მილიარდობით დოლარი, რომელიც აღჭურვილობასა და წვრთნაში დაიხარჯა, არ იყო საკმარისი, რატომ შეცვლიდა შედეგს კიდევ ერთი, ხუთი ან თუნდაც 10 წელი?" - თქვა ენტონი ბლინკენმა.

თალიბანმა ავღანეთზე და მის დედაქალაქზე კონტროლი აგვისტოში დაამყარა. ამერიკის ჯარის, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები და ის ავღანელები, რომლებიც წლების განმავლობაში დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობდნენ, ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ამერიკამ 124 ათასი ადამიანის ევაკუირება შეძლო. მათი უმეტესობა ავღანელია. ქვეყნიდან გამოიყვანეს 5 500 ამერიკელიც.

XS
SM
MD
LG