პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მექსიკასთან საზღვარზე დამატებითი ბარიერები აშენდება. განცხადება ვაშინგტონმა ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს გააკეთა.
თეთრი სახლი ამ გზით შეეცდება თავიდან აიცილოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მიგრანტების შემოდინება მექსიკა-ამერიკის საზღვრის მხრიდან. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის გაგრძელებას ნიშნავს.
ტრამპი კვლავ ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტებს შორის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის სავარაუდოდ, კვლავ ბაიდენის ოპონენტი იქნება. ტრამპმა სასაზღვრო ბარიერების მშენებლობა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ წამყვან ლოზუნგად აქცია და მაშინ არჩევნები მოიგო კიდეც.
2021 წლის იანვარში თანამდებობის დაკავებთანავე, ბაიდენის ერთ-ერთი პირველი ქმედება ამ საკითხზე პროკლამაციის გამოქვეყნება იყო. მასში ნათქვამია, რომ "ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა დოლარები აღარ იქნება გამოყენებული სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის". ის ასევე აღნიშნავდა, რომ გადაიხედება ყველა რესურსი, რომელიც უკვე იყო ამ საქმისთვის განსაზღვრული.
ვაშინგტონი დღეს აცხადებს, რომ ხუთშაბათს გამოქვეყნებული განცხადება არ ნიშნავს ბაიდენის პოლიტიკისგან და მისი პროკლამაციისგან გადახვევას. თეთრი სახლის განცხადებით, სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გამოიყენებენ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2019 წელს გამოყოფილ თანხებს, რომლებიც ახლა უნდა გახარჯულიყო.
Facebook Forum