ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე მოსალაპარაკებლად კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში მიიწვია


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები კი ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული და მხოლოდ ამ ფორმით დათანხმდებიან მის მიღებას.

რამდენიმე კვირაა, სენატის მომლაპარაკებელთა ორპარტიული ჯგუფი მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას და უკრაინის გადაუდებელი საჭიროებებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ცდილობს. მოლაპარაკებებმა $110-მილიარდიან პაკეტზე გასულ კვირას შედეგი ისევ ვერ გამოიღო, რადგან სენატორებმა განაცხადეს, რომ მათ შორის კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებთან ერთად განიხილავს "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს". მიწვეულ კანონმდებლებს შორის არიან: წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი.

ცოტა ხნით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მართვისა და საბიუჯეტო ოფისის დირექტორმა შალანდა იანგმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა კონგრესი, რომ უკრაინის მხარდაჭერის დასამტკიცებლად დრო სწრაფად იწურება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმის პირისპირ მყოფი უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის სხვა გზები აღარ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ პენტაგონს აქვს შეზღუდული უფლებამოსილება, დაეხმაროს კიევს კონგრესის გადაწყვეტილების დაგვიანების შემთხვევაში, იანგის თქმით, "ეს არ იქნება იარაღისა და ააღჭურვილოობის დიდი ტრანშები უკრაინისთვის".

ამ მოვლენების პარალელურად, 16 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ვაშინგტონის ოფიციალური პირები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. საუბარში მონაწილეობდნენ ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ენტონი ბლინკენი - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. სალივანის განცხადებით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG