ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ეგვიპტეში კლიმატის ცვლილებების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პარასკევს ეგვიპტეში გლობალური კლიმატის სამიტზე დასწრების მიზნით ჩავიდა.

მისი ვიზიტი COP27-ის სახელით ცნობილ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ბაიდენის საერთაშორისო ტურნეს პირველი გაჩერებაა. ბაიდენი მოგვიანებით კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერებს შეხვდება და დაესწრება დიდი ოცეულის შეხვედრას ბალიში, ინდონეზიაში.

ეს იმ ფონზე, როცა შინ გამართული შუალედური არჩევნების შედეგები და კონგრესის კონტროლის საკითხი ჯერ ისევ უცნობი რჩება. 8 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ მოსალოდნელზე ძლიერი შედეგები აჩვენა. ამასთან ამ წელს, დემოკრატებმა კონგრესში, კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ყველაზე დიდი ინვესტიციის გამოყოფა მოახერხეს.

კლიმატის კონფერენციაზე ბაიდენი განიხილავს ახალ წესს, რომელიც ზღუდავს მეთანის გამოყოფას. ეს ნაბიჯი აფართოებს მსგავს რეგულაციას, რომელიც ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასულ წელს მიიღო.

2021 წლის წესი მიზნად ისახავდა მეთანის - ძლიერი სათბურის გაზის გამოყოფის შეზღუდვას, რომელიც ექსპერტების აზრით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ დათბობას. ახალი წესი სამიზნეში იღებს არა მხოლოდ ახალ ნავთობგადამამუშავებელ და გაზის ჭაბურღილებს, არამედ უკვე მოქმედსაც.

კლიმატის საკითხებში ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ზაფხულში დამტკიცებული $375 მილიარდის პაკეტი, რომლიც ისტორიულად ყველაზე დიდია, საფრთხის წინაშე არაა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გააკონტროლებს კონგრესს 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ.

ექსპერტები ამაზე თანხმდებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ბაიდენის კლიმატის დღის წესრიგის სხვა ნაწილები შეიძლება შეიცვალოს რესპუბლიკური კონგრესის და სასამართლოების პირობებში.

კლიმატის შესახებ მოლაპარაკებების 30-წლიან ისტორიაში დემოკრატთა ადმინისტრაციამ საერთაშორისო შეთანხმებებს ორჯერ მოაწერა ხელი. მაგრამ, როდესაც მათ თეთრი სახლი დაკარგეს, რესპუბლიკელმა მემკვიდრეებმა ეს შეთანხმებები დატოვეს. თეთრი სახლის დაკავების შემდგ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია დაბრუნდა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში.

შეხვედრაზე ბაიდენი გაუსვამს ხაზს იმას, რომ ამერიკა ამ საკითხზე იბრუნებს ლიდერის როლს. კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად აშშ-ის მიერ 375 მილიარდი დოლარის ვალდებულების აღება, აძლევს ბაიდენს უფრო მეტ ბერკეტს ზეწოლა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, რათა შეასრულონ თავიანთი დაპირებები სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.

საკუთარ გამოსვლაში, ბაიდენი ასევე გაუსვამს ხაზს იმას, რომ „კარგი კლიმატის პოლიტიკა კარგი ეკონომიკური პოლიტიკაა“.

თუმცა, სამიტზე თეთრი სახლი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ მოელის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩინეთი და ინდოეთი შეხვედრაზე დაბალი რანგის დელეგაციებს გზავნიან.

2022 წელს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან, წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების მცდელობა, გაართულა რუსეთის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ენერგეტიკულ ბაზრებზე. შინ და მის მიღმა, ბაიდენს მოუწია ნავთობისა და გაზის მწარმოებლებისთვის ეთხოვა, რომ მათ გაეზარდათ წარმოება, რათა დაეკმაყოფილებინათ გაზრდილი მოთხოვნა და შეემცირებინათ ფასები, რაც კრემლის ომის ძალისხმევას უწყობდა ხელს.

XS
SM
MD
LG