ხუთშაბათს, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პაინმა თქვა, რომ ჩინეთმა ქვეყანაში დაუყოვნებლად უნდა დაუშვას ჯანმოს ოფიციალური პირები, რომლებიც“კოვიდ-19”-ის წარმოშობას იკვლევენ.
კვირის დასაწყისში ჯანმოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის “ძალიან გაწბილებული” იყო, რადგან ჩინეთმა კორონავირუსის საერთაშორისო ექსპერტებს ქვეყანაში შესვლის ნება ჯერ კიდევ არ დართო.
პეინმა თქვა: “იმედი გვაქვს, რომ ყველა საჭირო ნებართვა, რომელიც ჯანმოს ჯგუფის ჩინეთში გასამგზავრებლად არის საჭირო, დაყოვნების გარეშე გაიცემა”.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ჯანმოს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობა და თქვა: “ველით შედეგებს, რომელსაც ჩინეთში მივლინებული საერთაშორისო მისია მიიღებს”.
მიიჩნევა, რომ ახალი კორონავირუსი პირველად ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა. მას შემდეგ ის გლობალურად გავრცელდა, სააგენტო “როიტერის” ანგარიშის თანახმად, კოვიდ-19-მა 86 მილიონი ადამიანი დააინფიცირა და 1.8 მილიონზე მეტის სიკვდილის მიზეზი გახდა.
ავსტრალია თავიდანვე ხმამაღლა მოითხოვდა, რომ “კოვიდ-19” წარმოშობაზე დამოუკიდებელი კვლევა ჩატარებულიყო. ამ ქვეყნის ჩინეთთან ურთიერთობა, ნაწილობრივ ამის გამოც გაუარესდა.
ავსტრალიის მთავარმა პარტნიორმა ჩინეთმა, შეზღუდა საქონლის ხორცის იმპორტი, ავსტრალიურ ღვინოზე ტარიფები დააწესა და თავის მწარმოებლებს მისცა ინსტრუქცია, ავსტრალიური ბამბა არ გამოეყენებინათ.
Facebook Forum