ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი: გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე


ბროკერი შანხაის ბირჟაზე
ბროკერი შანხაის ბირჟაზე

ჩინეთში, კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინს მსოფლიოს ეკონომიკაზე გავლენა ჯერ არ ჰქონია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ახალი წლის დღეებში ჩინეთში ისედაც დასვენებაა და ეს პაუზა არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

თუმცა, ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ კარანტინი გაგრძელდება და ჩინეთის ინდუსტრიაზე მიყენებული ეკონომიკური ზიანი გეგმიურზე დიდხანს გასტანს. ამბობენ, რომ ეს სულ ცოტა, რამდენიმე კვირა გაგრძელდება. დიდი ალბათობით, დასავლეთის საბითუმო ვაჭრობა, რომელიც ჩინეთზეა დამოკიდებული, მაგალითად, ავტომშენებლობა, იმპორტირებული ნაწილების მარაგს მალე ამოწურავს და წარმოებაში შეფერხებები ექნება.

საბითუმო ვაჭრობის ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ჩინეთის საწარმოები 15 მარტამდე არ ამუშავდა და შეფერხება 1 მაისამდე გაგრძელდა, ეს დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე. შეფერხება განსაკუთრებით დაეტყობა ზაფხულის წინასასკოლო ვაჭრობას.

"სრული გაურკვევლობაა" - ამბობს სტივ პასირბი, სათამაშოების ინდუსტრიის ასოციაციის ხელმძღვანელი. მისი თქმით, "ეს დიდი დარტყმა იქნება, თუ სიტუაცია თვეების მანძილზე გაჭიანურდა".

ვუჰანი, ჩინეთის ქალაქი, სადაც კორონავირუსმა იფეთქა, ავტოწარმოების ეპიცენტრშია. ის სხვა მეზობელ დასახლებებთან ერთად, სრულ იზოლაციაშია. 50 მილიონზე მეტი ადამიანი სახლში რჩება და მათ შორის ისინიც არიან, ვინც ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაოდ ვერ გადის.

იმპორტირებული ჩინური ნაწილების გამო, ჯერჯერობით, ამერიკულ საავტომობილო ინდუსტრიას წარმოება არ შეუნელებია. მაგრამ, ეკონომისტი დევიდ კლოსი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ წამზომი ჩართულია. "ვიტყოდი, რომ ასე სულ რამდენიმე კვირა თუ გაგრძელდება, ერთიდან სამ კვირამდე" - აღნიშნავს ის.

სამშაბათს, ავტომწარმოებელმა "ჰიუნდაი მოტორს" განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში წარმოებას აჩერებს. კომპანიას იქ ყველაზე დიდი მანქანათმშენებელი საწარმო აქვს. "ჰიუნდაი" პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც ასეთი დრამატული ნაბიჯი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების გამო გადადგა.

ვუჰანის კარანტინი უკვე დაეტყო ტელევიზორების წარმოებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეეკრანების იმპორტის შეფერხებამ ტელევიზორების ფასები უკვე აწია. ვუჰანში 5 საწარმოა, რომელიც ე.წ. "ელ-სი-დის" ტიპის ეკრანებს ამზადებს. კვლევითი კომპანიის "აი-ეიჩ-ეს მარკეტის" ანალიტიკოსის, დევიდ სეიჰის თქმით, ჩინეთზე ამ ტიპის გლობალური პროდუქციის 50 პროცენტზე მეტი მოდის.

ვუჰანში მობილური ტელეფონების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის, "მოტოროლას" საწარმოცაა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერჯერობით კარანტინს მათზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა. "მოტოროლას" მფლობელი ახლა ჩინეთის ელექტრონული ნაწარმის გიგანტი "ლენოვოა".

"ეფლის" პროდუქციის უმეტესი ნაწილი, მათ შორის ყველაზე პოპულარული "აიფონი", ძირითადად ჩინეთში მზადდება. "ეფლის" ხელმძღვანელი ტიმ კუკიც ამბობს, რომ ისინი ჩინური ახალი წლის შემდეგ, საწარმოების გახსნას არ იჩქარებენ. კუკის თქმით, კომპანია მიწოდებაში შეფერხებით მიყენებული ზიანის მინიმიზაციაზე მუშაობს. "ეფლის" მთავარი საწარმოები ქალაქ ჰუბეიშია, რომელიც ასევე ეპიდემიის ეპიცენტრში მდებარეობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტები ჩინური ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს უკვე ცვლიან. ისინი ფიქრობენ, რომ 2020 წლის პირველი სამი თვის შეფერხებების გამო, ჩინეთის ეკონომიკა არა 6, არამედ 5.4 პროცენტით გაიზრდება. "თუმცა, არ არის გამორიცხული უფრო სერიოზული და გრძელვადიანი გავლენაც" - წერენ ტომი ვუ და ლუის კუიჯსი.

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიით შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა პროგნოზებს კიდევ უფრო ართულებს. დღეს ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გასტანს კარანტინი და რა დონის ზიანს მოუტანს ეს მსორლიოს ეკონომიკას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG