ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანები ციფრებს მიღმა- ისტორიები ვუჰანიდან


3 თვის წინ, ვუჰანის მაცხოვრებელი, ზენგ ი, ჰუბეის პროვინციის ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად იჯდა რესტორანში. ჟურნალისტები იმაზე საუბრობდნენ, რომ პროვინციის პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე უმაყოფილო იყო ახალი ამბით და რომ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნეგატიური ახალი ამბები აღარ გამოქვეყნდებოდა.

ერთი თვის შემდეგ, ვუჰანში მისტიკური ვირუსი გავრცელდა. ვირუსს ფილტვების ანთების მსგავსი სიმპტომები ჰქონდა.

იანვრის დასაწყისში ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ვირუსს "თავიდან აცილებადი და კონტროლირებადი" უწოდეს. მაშინ აცხადებდნენ, რომ "არ არსებობს ადამიანიდან ადამიანზე გადადების მტკიცებულება". კვირის განმავლობაში ვუჰანში 41 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

თუმცა, ამ ოფიციალური მონაცემების ზენგს არ სჯეროდა. ის გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, რაც ერთი თვის წინ რესტორანში მოისმინა. ის "ამერიკის ხმას" მას შემდეგ ესაუბრა, რაც ქალაქი ვუჰანი 23 იანვარს კარანტინში მოაქციეს და ჩაკეტეს. მაშინ ოფიციალური მონაცემებით, ვირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 571 იყო. ეს წინა კვირაში, ხუთშაბათს მოხდა. შაბათს კი მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ვირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა უკვე 1000-ს აღემატება.

"როდესაც ეპიდემია დაიწყო, ვიცოდი, რომ გამოქვეყნებული სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამებოდა"- უთხრა მან "ამერიკის ხმას".

ზენგი ხედავდა, რა განწყობა იყო ხალხში მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა და ქალაქი ჩაკეტეს. " ისინი, შედარებით გაბრაზებულები არიან. გამაფრთხილეს [პოლიციელებმა]... მაგრამ, ახლა უნდა ვილაპარაკო. უნდა ვილაპარკო, მიუხედავად იმისა, დამიჭერენ თუ არა. თუ ახლა არ ვიზამ ამას, შეიძლება, სხვა დროს შანსი აღარ მომეცეს".

3 თებერვალს ვუჰანის კიდევ ერთი მაცხოვრებელი დაუკავშირდა "ამერიკის ხმას". თქვა, რომ მინგი ჰქვია. ბევრი ადამიანი, ვინც ჩინეთიდან ონლაინ გამოდის კონტაქტზე, უპირატესობას ფსევდონიმს ანიჭებს. ეშინიათ, რომ მათ შესახებ ჩინეთის ოფიციალური პირები შეიტყობენ.

მინგმა 5 დღე დაჰყო საავადმყოფოში მამის საწოლთან. ეს მათი ბოლო დღეები იყო ერთად.

მინგის მონაყოლის მიხედვით, მამამისს კორონავირუსის ინფექცია იანვრის შუა რიცხვებში შეეყარა. მან ეს საავადმყოფოში, ყოველწლიური შემოწმების დროს გაიგო. ექიმთან ვიზიტიდან რამდენიმე დღეში დადასტურდა, რომ მინგის მამას, ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდა.

სამედიცინო პერსონალმა პაციენტი ვუჰანის წითელი ჯვრის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა.

"საცოდაობაა, რომ მამაჩემის სიცოცხლე ასე დასრულდა. ტრაგედიაა"- თქვა მან ვიდეოში, რომელიც იუთუბზე დადო და "ამერიკის ხმას" გაუზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ მინგი დაავადებულ მამასთან ერთად არ უნდა ყოფილიყო, მას მაინც ბოლომდე ეჭრია მომაკვდავი მშობლის ხელი. მინგს განსაკუთრებით ადარდებს ის, რაც შემდეგ მოხდა. ექიმებმა გვამი მოიშორეს, დაწვეს და შვილს უთხრეს, რომ ფერფლის წასაღებად 15 დღის შემდეგ მისულიყო.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში მინგმა თქვა, რომ არ სჯერა თუ ნამდვილად მამის ფერფლს გამოატანენ. მის ეჭვს ის იწვევს, რომ გახშირებული გარდაცვალების შემთხვევების გამო, კრემატორიუმები გადავსებულია.

"ჩემნაირი ბევრი ადამიანია ვუჰანში. ვირუსმა ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ადამიანების სიკვდილს ყოველ დღეს ვუყურებდი. ბევრი ოჯახი განადგურდა", ამბობს მინგი. "მამაჩემი შრომობდა, რომ ამ ქვეყნის წინსვლაში წვლილი შეეტანა. ახლა ის მკვდარია და მისი გვამის ნახვაც არ შემიძლია, დასაფლავებაც არ იქნება, არავინ მოსულა მოსასამძიმრებლად".

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, უამრავი ადამიანი უსამძიმრებდა მინგს და საკუთარ აგრესიას გამოხატავდა ჩინეთის მთავრობის მიმართ.

ინტერნეტში უზომოდ პოპულარული იყო კიდევ ერთი სტატია, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა სათაურით: "გაავებულ ხალხს აღარ ეშინია". სტატია მალევე ცენზურის გამო ინტერენტიდან გაქრა.

მოსახლეობა ცდილობდა სტატიისთვის გადაღებული სურათები მაინც გაეიზარებინა ინტერენტში, თუმცა ისინიც, მომენტალურად ქრებოდა ინტერნეტ სივრციდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG