ორშაბათს, ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ უარყო რუსეთის თხოვნა, გამოეცა სასამართლო აკძალვა, რომელიც მისი საელჩოს გამოსახლებას შეაჩერებდა. აშკარად რუსული დაუმორჩილებლობის აქტის გამოსახატად, ამ ადგილს, ერთ კვირაზე მეტხანს იკავებდა მამაკაცი, რომელიც მობილურ კოტეჯში ცხოვრობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მან ეს ადგილი მალევე დატოვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯეინ ჯეგოტმა, რუსეთის მიერ ქირავნობის შეწყვეტის კანონზე დავა სუსტად მიიჩნია.
15 ივნისს ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო საგანგებო კანონი, რომლითაც უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტწილად თავისუფალ მიწის ნაკვეთზე რუსეთს ქირავნობა შეუწყვიტა, რადგან რუსეთის საელჩო ავსტრალიის პარლამენტის შენობასთან ზედმეტად ახლოს აღმოჩნდებოდა.
მთავრობის ადვოკატმა ტიმ ბეგბიმ თქვა, რომ როგორც ჩანდა, რუსეთმა სასამართლო აკრძალვას საკუთარი უსაფრთხოების და სადაზვერვო ინტერესებისთვის მიმართა.
რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატი ელიოტ ჰაიდი აცხადებდა, რომ ელჩი ალექსეი პავლოვსკი, ამ ადგილზე უკვე არსებული საკონსულო შენობის საიმედოობაში და უსაფრთხოებაში დარწმუნებული ვერ იქნებოდა, თუ ქირავნობის შეწყვეტის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საელჩოს ქონების შენარჩუნების უფლება არ ექნებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა თქვა, რომ მიესალმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოელის, რომ რუსები ამ ადგილიდან წავლენ.