ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია უკრაინელ ჯარისკაცებს გაწვრთნის და კიევს ჯავშანტექნიკას გადასცემს


ავსტრალია აცხადებს, რომ ბრიტანეთში 70 ჯარისკაცს მიავლენს იმისთვის, რომ მათ უკრაინელი სამხედროები გაწვრთნან. ამასთან, რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად სიდნეი კიევს დამატებით ჯავშანტექნიკასაც უგზავნის.

"ჩვენი ვარაუდით, ეს გრძელვადიანი კონფლიქტი იქნება. გვესმის, რომ უკრაინას ახლა სწორედ გრძელვადიანი მხარდაჭერა სჭირდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაჭრას ეს კონფლიქტი მისი პირობების შესაბამისად", - თქვა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლისმა არხ ABC-ისთან ინტერვიუში.

მხარდაჭერის ბოლო პაკეტის ჩათვლით, ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის 24 თებერვლის შემდეგ გაწეული დახმარება 425 მილიონი დოლარის ღირებულებას აჭარბებს.

ავსტრალია უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, ნატოს არაწევრი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. კიევს ის საჰაერო და თავდაცვით სისტემებსა და აღჭურვილობას აწვდის,. ავსტრალიამ, ასევევ აკრძალა ალუმინის და სხვა ლითონების ექსპორტი რუსეთში და სხვა ნაბიჯებიც გადადგა უკრაინის დასახმარებლად. გარდა ამისა, სიდნეის სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის ასობით მოქალაქესა და ორგანიზაციასა თუ კომპანიაზე.

ავსტრალიელი ჯარისკაცები ბრიტანეთში იანვარში ჩავლენ და ისინი დიდი ბრიტანეთის მიერ მოწყობილ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ჩაერთვებიან, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე არ შევლენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ავსტრალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. "ბუშმასტერებმა" ბრძოლის ველზე არაჩვეულებრივი შედეგები გვაჩვენა და მეტ ასეთ ტექნიკას ვითხოვთ. ყოველთვის გვემახსოვრება ავსტრალიის მხარდაჭერა", - დაწერა კულებამ.

XS
SM
MD
LG