25.05.2011. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ "სახალხო კრების" აქცია ჯერ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით, შემდეგ კი ხელკეტების გამოყენებით მთელი სისასტიკით დაშალა.
მომიტინგეთა ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დარბევის შედეგად, გარდაცვლილია აქციის სულ მცირე სამი მონაწილე, მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ასევე დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. როცა "[მიტინგის] ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა, მიტინგი დატოვა ისე, რომ თავიანთი მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარა ხალხის მასაში, რის შედეგადაც, სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი პოლიციელი." - განაცხადა შსს-მ. დაკავებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.
აქციის ძალისმიერი გზით დაშლის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც სახალხო კრების ლიდერებმა გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი, სადაც დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი უნდა გაიმართოს. თბილისის მერიის განცხადებით, აქციის მონაწილეების მანიფესტაციის გამართვის უფლება მხოლოდ 25 მაისის ჩათვლით ჰქონდათ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით დაპატიმრებულია სახალხო კრების რამდენიმე ლიდერი: მათ შორის, მსახიობები დიმა ჯაიანი და გოგი ქავთარაძე, მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე, მურმან დუმბაძე.
ოჯახის წევრები ვერ პოულობენ ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ქართული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს კონკრეტული რიცხვს თუ რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დაპატიმრებული.
აქციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაპატიმრებული არ არის, იგი ტელეკომპანია „მაესტროს“ ტელეფონის საშუალებით ჩაერთო და ხელისუფლების მოქმედებას ბარბაროსობა უწოდა. ბურჯანაძემ მიმართა დიპლომატიურ კორპუსს შეაჩერონ ხელისფლების მიერ დაწყებული მასობრივი დაპატიმრებები.
სპეცნაზელები ძალის აშკარა გადამეტებით, ზოგ შემთხვევებში მთელი სისასტიკით, გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. იყო შემთხვევები როცა ათამდე სპეცნაზელი აქციის უკვე დაპატიმრებულ მონაწილეს უმოწყალოდ სცემდა.
აქციის გაშუქებისას დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი, ჩოხატაურში გამომავალი გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი სპეცრზმელებმა სცემეს. პოლიციას დაპატიმრებული ჰყავდა „ინტერპრესსნიუსის“ ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ხოლო რამდენიმე მედია საშუალებას სპეცნაზელებმა ვიდეოკამერები წაართვეს.
ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გაავრცელა, მიმღებში განაცხადეს, რომ ორმოცდაათამდე დაშავებული მიიყვანეს. სასტიკად არის ნაცემი თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა.
სახალხო კრების აქციის დაშლამდე გავრცელდა, საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ბასის განცხადება, რომ „პროტესტის გამომხატველ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ“.