ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახალხო კრებამ უკან დასახევი გზა მოიჭრა


სახალხო კრება: "პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხვალ სამხედრო აღლუმი არ უნდა ჩაიბაროს"
სახალხო კრება: "პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხვალ სამხედრო აღლუმი არ უნდა ჩაიბაროს"

სახალხო კრების აქციამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია შეწყვიტა და მთელი საპროტესტო რესურსი, არა თავისუფლების მოედანზე, არამედ, რუსთაველის გამზირისკენ გადაისროლა.

სახალხო კრების ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის ნებართვა აძლევს მათ იმის საშულებას, რომ პარლამენტის წინ მიტინგი გამართონ.

შედის თუ არა სახალხო კრების გეგმებში, ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღმლუმის ჩაშლა, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველაფერი ხალხის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, მისმა მეუღლემ ბადრი ბიწაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხვალ სამხედრო აღლუმი არ უნდა ჩაიბაროს.

ბადრი ბიწაძე: „ყველანაირად მობილიზებულები ვართ, ხვალ თუ ჩაიბარა, 26 მაისს თუ ჩაიბარა აღლუმი სააკაშვილმა, ე.ი საქართველო ჩაბარდა სააკაშვილს“

ბურჯანაძეს იმედი აქვს რომ გაჩეჩილაძე აქციაზე ისევ მივა
ბურჯანაძეს იმედი აქვს რომ გაჩეჩილაძე აქციაზე ისევ მივა

ნინო ბურჯანაძე: „ლევან გაჩეჩილაძე არ მოსულა ნინო ბურჯანაძესთან ამ აქციაზე. მოდით ეს გავმიჯნოთ. ლევან გაჩეჩილაძე მოვიდა ხალხთან, რომელიც დაარბიეს, რომელსაც გაზიც ესროლეს და პლასტიკური ტყვიებიც. ასე, რომ მას ხალხთან მოსვლის სრული უფლება ჰქონდა.

თუ ხალხის რაოდენობა არ იქნება და ხალხი არ არის მზად ბრძოლისათვის, მას თავს ბრძოლას და თავისიფლებას ვერავინ მოახვევს. თუ ადამიანები თავისუფლებისათვის და საკუთარი ღირსების დაცვისათვის მზად არ არიან, როცა იქნებიან დაგვიძახონ სახალხო კრების ლიდერებს და მზად ვართ ნებისმიერ დროს გამოვეხმაუროთ.“

სახალხო კრების ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ აქციას აუცილებლად შეუერთდებიან ქართული პარტიის ცნობილი სახეები ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ქართულ პარტიაში ბოლო მოვლენებმა სერიოზული შიდა კრიზისი გამოიწვია და პარტია შეიძლება რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფად დაიშალოს. ქართულ პარტიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ისევე, როგორც, პარტიის ლიდერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, რომელიც პარტიის ოფისში გუშინ მოხდა.

სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კობახიძე ამბობს, რომ კრება ნებისმიერ შემთხვევაში ორი ამოცანის შესრულებას ეცდება: ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

„სახალხო კრება თავის მიზნებს ორ ნაწილად ჰყოფს. პირველი მიზანი არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. რადგან ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება არის წარმოუდგენელი. ანუ ქვეყანას არ შეუძლია იმ გზით განვითარება, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება.

კრების მეორე მიზანი არის ის, რომ საზოგადოების მკაცრ კონტროლქვეშ ჩაატაროს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ვიბრძვით არა სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სისტემის წინააღმდეგ.

ჩვენ გვინდა რომ სისტემა შეცვალოთ. ანუ ერთმმართველობა, რომელიც მოდის კომუნისტური პარტიიდან დღემდე რჩება ერთმმართველობად. ამ ყველაფერს სჭირდება პირველი სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.“

ხელისუფლებამ სამხედრო აღლუმისთვის მზადება გუშინ გაანახლა, პარლამენტის წინ უკვე მოწყობილია სპეციალური სცენა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2009 წლის 26 მაისი, როცა მთავრობამ სამხედრო აღლუმის გამართვა ოპოზიციის მიტინგების გამო გადაიფიქრა აღარ განმეორდება.

აღლუმზე თავდაცვის სამინისტრო გეგმავს პირველად წარმოადგინოს, თბილისის საავიაციო ქარხანაში ამერიკული ფორდის ბაზაზე აწყობილ ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და ასევე, ისრაელისგან ნაყიდი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სპაიდერი“.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ოპოზიციამ რადიკალური მოთხოვნებით უკან დასახევი გზა მოიჭრა.

„ჩემი აზრით სრულიად დაუშვებელია აქციების დაწყება მაქსიმალისტური მოთხოვნებით. პოლიტიკური ტექნიკის თვალსაზრისით ეს არის წამგებიანი. შენ თავიდანვე იმისთანა ნიშნულს იღებ, რომელსაც თუ ვერ მიაღწიე უკვე წაგებული ხარ.

გარდა ამისა თავად საზოგადოებივი განწყობილება არაა გათვალისწინებული. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ დაიგემოვნეს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნის მიღწევის ტექნიკა.

თითქოს თვითდამცირებად მიაჩნიათ ის, რომ მათ დაისახონ კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგ, ახალი მიზანი გაჩნდება. აქ, ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, არ სურთ მიზნის მიღწევა, როგორც ვითარდება ცივილიზებულ ქვეყნების პოლიტიკა.

არა, აქ ერთი მოსმით უნდათ მოთავდეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მერამდენედ გვპირდებიან ორ კვირაში ყველაფრის შეცვლას და გადის ეს ორი, ოთხიც და ექვსი კვირაც და არაფერი იცვლება. მეთოდი და აზროვნების ყაიდაა მანკიერი. როგორც ჩანს სხვანაირად უნდა დავსვათ საკითხი და სხვანაირად გავაანალიზოთ სიტუაცია.“

ოპოზიციის აქციების ფონზე, ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 1500 ადამიანი ზუსტად ერთ თვის წინ გამოიკთხა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება, საპირისპოროს მხოლოდ - 31 პროცენტი ფიქრობს.

ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურ პოლიტიკურ ჯგუფად - 32 პროცენტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხელი სააკაშვილი დაასახელა, ამ გამოკითხვაში - ირაკლი ოქრუაშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ 0,7 პროცენტი, ხოლო ნინო ბურჯანაძემ 0,5 პროცენტი მიიღო. სახალხო კრებამ კვლევას შეკვეთილი და გაყალბებული უწოდა.

XS
SM
MD
LG