ოპოზიციური „ქართული პარტია“, რომელიც ხელისუფლების შეცვლას წელსვე გეგმავს, კახეთის რეგიონში 9 მაისს გამართული აქციებით კმაყოფილია. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ საგარეჯოში, გურჯაანში, თელავსა და ყვარელში მომიტინგეთა მცირერიცხოვნობა, მოსახლეობაზე ადგილობრივი პოლიციისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა ზეწოლით იყო გამოწყეული.
აქციებში მონაწილეთა რაოდენობაზე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია საშუალებები ამბობენ, რომ მიტინგებში სულ 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და აქედან, 500-ზე მეტი თბილისიდან იყო ჩასული. დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, მარტო თელავში, „ქართული პარტიის“ აქციას 4000-მდე ადამიანი დაესწრო. „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ამბობს:
„რამდენიმე დღეა გააფთრებით დარბიან შსს-ს, უშიშროების, კუდ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ატერორებენ ამ ხალხს და ეუბნებიან არ წახვიდეთ ამ ხალხთან არ მიხვიდეთ მიტინგზე. ზუსტად ანალოგიური ხდებოდა რუსთავში, საგარეჯოში, გურჯაანში და ყვეა სოფელში.“
„ქართული პარტიის“ პირველი აქციებისადმი მოლოდინი დიდი იყო, ამიტომ როგორც ხელისუფლების, ისე პარტიის წარმომადგენლები, რეგიონში სერიოზულ გართულებებს ელოდნენ. სინამდვილეში სულ რამოდენიმე მცირე ინციდენტი მოხდა.
გურჯაანში, პატრულთან კონფლიქტი, პარტიის მომხრეთა ავტოკოლონის მიერ გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვამ გამოიწვია. ყვარელში, ადგილობრივი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან გამსახურდია შეეცადა არ დაეშვა აქცია, იმ მიზეზით, რომ ის სანქცირებული არ იყო, თუმცა მიტინგი საბოლოოდ მაინც შედგა.
ყვარლის აქციასთან დაკავშირებით, „ქართული პარტიის“ თავჯდომარემ სოზარ სუბარმა რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას კერძოდ თქვა:
„თელავში რამდენიმე ათასი კაცი მოვიდა, ზუსტად რაოდენობა არ ვიცი, ეს არის ჩვენი პერმანენტული აქციების დასაწყისი. ჩვენ გვქონდა ნათქვამი რომ აპრილის ბოლოს დავამთავრებდით პარტიის მშენებლობას და შემდეგ გადავიდოდით აქტიურ ქმედებებზე და აი, დავიწყეთ აქტიურობაც.
ხალხი გვხდება ოვაციებით მოწოდებებით, დროზე დაიწყეთ რომ ეს რეჟიმი მოვაშოროთ საქართველოს. თითოეულ რაიონში რამდენიემ ასეული აქტივისტი უერთდება ჩვენს კოლონას და ერთად ვმოძრაობთ ყვარლისკენ, სადაც ვამთავრებთ აქციას.
ყვარელში კონკრეტულად მივდივართ იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებსაც ამცირებენ იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის კლანი, დეპუტატ ვერულაშვილის კლანი, სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენის გეგენავას კლანი . ისინი გლეხებს ართმევენ ერთადერთ საარსებო საშუალებას მიწას, სახნავ-საძოვრებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ერთეული ადამიანები გულაობდნენ ამ ქვეყანაში.“
„ქართული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთა განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები აქციებში მონაწილე ყველა ადამიანს ვიდეოკამერით იღებდნენ.
დღეს დილით სიღნაღში დააკავეს, მძღოლი აკაკი ჯიქურიშვილი, რომელიც გუშინ „ქართილ პარტიას“ სამარშუტო ტაქსით მოემსახურა. მძღოლი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს.
პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, ახმეტის რაიონის სოფელ მატანის მოსახლეობაც. მათი თქმით, პოლიცია და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წევრები ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ, იმ შემთხვევაში თუ სოფელი აქციას შეუერთდებოდა. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მალე მთელ საქართველოს დაუძახებენ თბილისში:
„მიუხედავად დაშინებისა, არაერთი მცდელობისა, რომ ხალხი აქციაზე არ გამოსულიყო, ყველგან, ყველა რაიუონში ხალხი იყო მობილიზებული და გვხდებოდა დიდი სიხარულით. ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება რეჟიმის დამთავრებისადმი გადამწყვეტი ბრძოლა.
ეს ბრძოლა მალე დაიწყება, ოღონდ ამ ვრძოლას მარტო „ქართული პარტია“ ვერ დაიწყებს. ეს ბრძოლა უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად. ასეთივე აქციებით ჩვენ შემოვივლით მთელ საქართველოს, სანამ არ დადგება ის დღე, როდესაც კახეთში კი ჩამოვალთ ან აჭარაში და სამეგრელოში კი არ ჩავალთ, არამედ დავუძახებთ მთელ საქართველოს თბილისში.“
კახეთის აქციას წინ უძღოდა ფინანსური სკანდალი „ქართული პარტიაში“, რომელსაც არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე შეეწირა. თავად პარტიაში ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
„ქართული პარტია“ მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა სახეებმა და მხარდაჭერებმა 2010 წლის ოქტომბერში დაარსეს. პარტიის თავჯდომარეა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი; პოლიტიკური მდივარი - ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ყოფილი მფლობელი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი. პარტიის დამფუძნებელია ასევე, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2008 წლის აპრილიდან საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს.