ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართულმა პარტიის“ აქცია "გაიღვიძე ამერიკა"


აქცია თბილისში აშშ-ს საელჩოსთან
აქცია თბილისში აშშ-ს საელჩოსთან

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ „ქართული პარტიის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "გაივიძე ამერიკა" ინციდენტების გარეშე დასრულდა.

საელჩოსთან ოპოზიციური პარტიის 1000-მდე მომხრე შეიკრიბა, „ქართულმა პარტიამ“ აშშ-ს საელჩოს ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამასთვის გაგზავნილი წერილი გადასცა, სადაც კერძოდ წერია - "შეუძლებელია, დემოკრატია ვუწოდოთ იმას, რომ სააკაშვილმა მიისაკუთრა და საკუთარი პროპაგანდის იარაღად აქცია ნაციონალური ტელეარხები;

ჩვეულებრივ ამბად ითვლება სატელეფონო მოსმენები და პირად ცხოვრებაში ჩარევა, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ის მთლიანად ემორჩილება ხელისუფლების ნებას, პოლიცია და სპეცსამსახურები პოლიტიზირებულები არიან და მმართველი რეჟიმის ინტერესებს იცავენ;

ფეხქვეშ ითელება საკუთრების უფლება და ილახება კერძო მესაკუთრეთა ინტერესები, ბიზნესი სახელისუფლებო ტერორის ქვეშ არის მოქცეული და მას მთლიანად სახელისუფლებო კლანები აკონტროლებენ; ხელისუფლება ტოტალურად აყალბებს არჩევნებს და შექმნილ მგომარეობას რეალურად დემოკრატიის არარსებობა ჰქვია".

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო ანტიამერიკული აქცია:

„ამერიკისგან ვითხოვთ ერთადერთ რამეს, შეწყვიტოს ავტოკრატიის დახმარება, დადგეს ხალხის მხარეს და დაეხმაროს საქართველოში განმტკიცებას. ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც საქართველოს ხელისფლებაზე ზეწოლის რეალური ბერკეტები აქვს და თუ ეს ზეწოლა იქნება საქართველოში ერთ დღეში ვითარება შეიცვლება!“

„ქართული პარტიის“ საპროტესტი აქციას მთელი ოპოზიციური სპექტრი გაემიჯნა. ამერიკის საელჩოს წინ პროტესტის წინააღმდეგ გამოვიდა 26 არასამთავრობო ორგანიზაციაც. დღეს აქციის მონაწილეებს ამერიკის საელჩოდან არავინ გამოხმაურებია, თუმცა მანამდე, ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ აქციას პატივისცემით ეკიდება:

„შეკრება და სიტყვის თავისუფლება ეს ის ორი ქვაკუთხედია, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება. ჩვენ დიდი პატივისცემით ვეკიდებით თავისუფალი აზრის გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა განცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ადრეც ყოფილა საპროტესტო დემოსტრაციების შემთხვევები და შესაძლოა ეს აქციაც არ იყოს უკანასკნელი.“

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ აქციის მოწყობის იდეა, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთნოდა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით, ოქრუაშვილის უხეშმა განცხადებამ პირველ რიგში „ქართული პარტია“ დააზარალა. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ეს განცხადება ჰარაკირის ტოლფასი იყო:

„ძალიან რბილად რომ ვთქვა, ეს არის ძალიან წამგებიანი ნაბიჯი ქართული პარტიისთვის, რომელიც მის პოლიტიკურ მომავალს უბრალოდ ჩიხში აქცევს. ეს ფაქტიურად არის ქართული პარტიის ჰარაკირის ტოლფასი. ეს განცხადება, ალბათ უნდა აიხსნას ემოციურ ნიაგადზე.

რადიკალურ პოლიტიკურ სვლებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ მიესალმება. მათი სიმპატიები აშკარად და ნახევრად აშკარად გამჟღავნდა „პოლიტიკური რვიანის“ სტრატეგიის მიმართ, რაც საარჩევნო გარემოს პრინციპულ შეცლას გულისხმობს. თან ეს გამჟღავნდა, მაღალ დონეზე, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკების მხრიდან. ამან გამოიწვია გაღიზიანება, მე ამით ვხსნი ქართული პარტიის ნაბიჯს.

ანტიამერიკული დემონტრაციების მოწყობა მე ვფიქრობ, არის ქართული პარტიის პოლიტიკური მომავლის დასასრული. ქართული პარტია მუდმივად გამოდის იმის მტკიცებით, რომ ისინი დამოუკიდებლად არ შეიძლება იყვნენ რევოლუციური პროცესების არქიტექტორები საქართველოში, არამედ ისინი იმოქმედებენ ხალხის ანუ საზოგადოებრივი აზრის გათვალლისწინებით.

ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში აქვთ დასაყრდენი. საზოგადოებას რევოლუციური ცვლილებები სწყურია და ისინი ამ წყურვილის მოკვლაში ეხმარებიან ადამიანებს.

თუ ჰიპოთეტურად მაინც მივიღებთ, იმას, რომ ქართული პარტია საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ეხმიანება - მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს 20 წლიანი არსებობის მანძილზე, ცალკეული, უმნიშვნელო, არაარსებითი ჩავარდნების გარდა, დასავლეთი და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის განიხილებოდა, როგორც საქართველოს უსაფრთხოების, აქ დეოკრატიის და დემოკრატიული პროცესების განვითარების გარანტი.

ამიტომ, „ქართული პარტიის“ ეს განცხადება, არის აბსოლუტურად უკუპროპორციული იმისა, რასაც ისინი ამბობენ. არანაირი სოციალური მხარდაჭერა ამ განცხადებას არ აქვს.“

საქართველოს პრეზიდენტმა „ქართულ პარტიას“ უკვე უწოდა, რუსეთიდან მართული რადიკალური ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის არევა უნდა. რუსეთიდან მართულს უწოდებს პრეზიდენტი სააკაშვილი „სახალხო კრებასაც“, რომელიც მაშტაბურ ანტისახელისუფლებო აქციებს 21 მაისს იწყებს.

XS
SM
MD
LG