საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა და მის დაპატიმრებას ითხოვს.
ხუთ გვერდიანი სარჩელი თხუთმეტი ეპიზოდისგან შედგება. ქართველი ლეიბორისტები სააკაშვილს ბრალს სდებენ "სამშობლოს ღალატში, ცხინვალში ომის პროვოცირებაში, სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნა-წამებაში და 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევისას ქიმიური ნივთიერების გამოყენებაში". ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი სარჩელთან დაკავშირებით ამბობს
„საერთაშორისო სისხლის სასამართლოში წარიმართა სარჩელი, უმძიმეს, ადამიანობის საწინააღმდეგო დანაშაულთა და სამხედრო ბოროტმოქმედებათა გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით.
ტერორიზმი, მასობრივი მკვლელობები, თავდასხმა მშვიდობიან ობიექტებზე, ქალაქებზე, სოფლებზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ოპოზიციაზე, ახალგაზრდობის მასობრივი მოსპობა ქუჩებში, პოლიტპატიმართა მთელი არმია და მათი წამება. ვფიქრობთ, რომ სამართლიანმა სასჯელმა არ უნდა დააყოვნოს.“
საქართველოს პრეზიდენტის გასამართლების თემა აქამდე პოპულარული მხოლოდ რუსეთში იყო. რუსეთის პროკურატურამ ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოს აღძრა სისხლის სამართლის საქმე „რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის გამო სამხრეთ ოსეთში“.
2010 წლის 4 მარტს კი აღიძრა კიდევ ერთი საქმე, სადაც ქართულ მხარეს ბრალად ედება აგვისტოს „ომის წარმოების დროს აკრძალული მეთოდების და საშუალებების, დაქირავებული მებრძოლების გამოყენება“;
მოგვიანებით, რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თავჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და სხვა ქართველი ოფიციალური პირების რუსეთის ტერიტორიაზე გასამართლება შეუძლებელია და აუცილებელია საქმის ინიცირება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
თუმცა, რუსეთში ბევრს არც ასეთი პერსპექტივის სჯერა. ანტიქართული განწყობით ცნობილი, რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი კერძოდ ამბობს
„შედგება თუ არა რეალური და ნამდვილი სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს დამოკიდებულია სიტუაციის განვითარებაზე საქართველოში და არა ჰააგაში.
ჰააგაში ნამდვილად არ შედგება სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ. თუმცა მე ამ შემთხვევაში, კომენტარს არ ვუკეთებ, ერთ-ერთი პარტიის, ამ შემთხვევაში, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილებას, გადადგას ეს ნაბიჯი.
სინამდვილეში, როგორც მე ვხდები, ეს არის პროპაგანდისტული კამპანიის ფორმა, პიარ-აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჰააგის სასამართლო ასამართლებს მათ, ვისი გასამართლებაც სურთ დასავლეთში.
მილოშევიჩის, შეშელის, კარაჯიჩის გასასამართლებლად არსებობს ჰააგის სასამართლო. დიახ, სააკაშვილმა დაკარგა რეპუტაცია დასავლეთში, თუმცა, მეორეს მხრივ, დასავლეთს არ სურს კონტაქტის გაწყვეტა სააკაშვილთან, პირიქით, მათ არჩევანი გააკეთეს სააკაშვილის შენარჩუნებაზე.“
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა, საქართველოში მომხდარი ომის გამოძიება 2008 წლის 20 აგვისტოდან დაიწყო. საერთაშორისო გამომძიებლები ორჯერ იმყოფებოდნენ საქართველოში და ერთხელ რუსეთში.
საქართველომ 2003 წელს აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან, როცა მოახდინა რომის წესდების რატიფიცირება. რუსეთს ეს წესდება რატიფიცირებული არ აქვს, თუმცა სასამართლოსთან ისიც აქტიურად თანამშრომლობს.
ჰააგის პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურამ 380 ტომი და 4000 მდე შეტყობინება გაგზავნა ჰააგაში, "ქართული მხარის დანაშაულის დასამტკიცებლად". უფრო მეტი მასალა გაიგზავნა ჰააგაში საქართველოდან, სადაც აქცენტი ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდაზე კეთდება.
იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი მსჯელობს იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჰააგაში დაწყებულ გამოძიებას.
„თუ დადასტუდა ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ, გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან ბევრი პოლიტიკური პროცესის კატალიზატორი გახდება. ჩვენ ვნახავთ, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირის და პირების დასჯას;
მეორე თეორიული სცენარის მიხედვით, ვნახავთ, ამ პირების პოლიტიკიდან გაპარებას და მესამე, შეიძლება ვნახოთ, რომ ჯოხი გადატეხონ საშუალო და მაღალი რანგის სამხედროებზე, ვინც ამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა.“
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გარდა, საქართველო ჩაბმულია რუსეთთან კიდევ ერთ დავაში, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.
ამ პროცესში, საქართველო რუსეთს ქართველთა ეთნიკურ და რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს მოყოლებული 90-იანი წლების დასაწყისიდან.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ ქართული ოპოზოციის ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად რუსეთის წისქვილზე დაასხმას წყალს, სამშობლოს ღალატია.
„ეს რომ გაეკეთებინა ამერიკის შეერთებული შტატების ოპოზიციონერებს, ისინი, ალბათ, ქვეყნის ტერიტორიაზე არ იქნებოდნენ, ან ციხეში იჯდებოდნენ. ეს, ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ.
დასავლეთის თვალში ეს ხალხი, ვინც რუსეთს მიეყიდა, არის კლასიკური ტიპი პოლიტიკოსების ან პიროვნებების, რომლებსაც სამშობლოს მიმართ ინტერესები უფრო დაბლა აქვთ, ვიდრე საკუთარი, პირადი პოლიტიკური ინტერესები. მე არა მგონია, ვინმეს დასავლეთში ეს მოწონდეს.“
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წლიდან ფუნქციონირებს, მისი იურისდიქცია მსოფლიოს მხოლოდ 113 ქვეყანაზე ვრცელება. მასში რუსეთის გარდა, არ შედიან, ისეთი დიდი ქვეყნები, როგორებიც არიან - ამერიკის შეერთებული შტატები, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი.
ეს სერიოზულად ზღუდავს სასამართლოს გავლენასა და მოქმედების არეალს. ყველაზე გახმაურებული დაპატიმრება, რომელიც ჰააგის სასამართლომ განახორციელა 2006 წელს ლიბერიის ყოფილი დიქტატორის ჩარლზ ტეილორის დაჭერა იყო.
სულ სასამართლომ დაპატიმრების ცამეტი ორდერი გასცა, ძირითადად აფრიკელ სამხედროებზე, რომლებსაც ეთნიკურ წმენდაში ედებათ ბრალი. მათგან, მხოლოდ ოთხი იქნა დაპატიმრებული, ორი დაპატიმრებამდე გარდაიცვალა.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ჰააგის სასამართლომ მეორედ გასცა სუდანის მოქმედი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრების ბრძანება, თუმცა ის დღემდე სუდანის პრეზიდენტია.