ქურთისტანის მუშათა პარტიამ თურქეთის არმიის წინააღმდეგ ერთერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც 26 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა. ტერაქტი ერაყის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
შეტევა დღეს დილით რამდენიმე სამხედრო ბაზაზე ერთი საათის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა. ჰაკარის პროვინცია ერაყის საზღვართან მდებარეობს. როგორც ვარაუდობენ, შეტევებში 200-ზე მეტი ქურთი ამბოხებული მონაწილეობდა და ეს ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულამ გულმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რეგიონში თურქი ჯარისკაცების მოსანახულებლად იმყოფებდოა, პირობა დადო, რომ თურქეთი ამ აქციას მკაცრად უპასუხებს.
„სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა, რომ ტერორიზმს ბოლომდე გაბედულად ებრძოლოს, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე,“ - განაცხადა აბდულა გულმა. მისი თქმით სამხედრო ხელმძღვანელობა უკვე გაემგზავრა რეგიონში და სამხედრო ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
თურქეთის ხელისუფლებამ პასუხის გაცემა უკვე დაიწყო. როგორც სახელმწიფო არხები იუწყებიან, თურქეთის არმიამ უკვე გადაკვეთა მეზობელი ერაყის ტერიტორია, რათა ქურთ ამბოხებულებს შეუტიოს. თურქი სამხედრო ჟურნალისტი მეტეჰან დემირი ამბობს, რომ ჩრდილლეთ ერაყში გამაგრებული ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„თურქეთისთვის ტერორიზმთან ბრძოლაში უმთავრესი პრობლემა ეს არის ჩრდილოეთ ერაყიდან ქურთი ამბოხებულების შემოდინება. თურქეთის მცდელობა, რომ ეს აღეკვეთა, მუდამ მარცხით სრულდებოდა,“ - ამბობს დემირი.
ქურთი ამბოხებულების ბაზების წინააღმდეგ თურქეთის ავიაციაც მოქმედებს. ბოლო თვეების განმავლობაში თურქულმა ბომბდამშენებმა ერაყში არსებული ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები დაბომბეს. თურქი სამხედროების განცხადებით, ამ ავაიდარტყმების შედეგად 300-ზე მეტი ამბოხებული განადგურდა.
ქურთისტანის მუშათა პარტია ქურთთა უფლებებისთვის ბრძოლას 1984 წლიდან აწარმოებს. ბოლო პერიოდში მათ მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობა ა.წ. ივნისში თურქეთში საყოველთაო არჩევნების შემდეგ დაირღვა. ქურთმა ამბოხებულებმა თურქეთის უსაფრთხოების ძალების 50-ზე მეტი თანამშრომელი მოკლეს. მთავრობა მსხვილი სამხედრო ოპერაციის დაწყებით დაიმუქრა. ერაყის საზღვართან ათასობით თურქმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, დღეს განხორციელებული შეტევები მთავრობას ერაყის ტერიტორიაზე ფართომასშტაბინი ოპერაციის დაწყებას აიძულებს, თუმცა ზამთრის მოახლოება მაღალმთიან რეგიონში სამხედრო ოპერაციას საგრძნობლად გაართულებს.