ქალთა უფლებების დაცვის კონფერენციამ ქაიროში ეგვიპტის თითქმის ყველა რელიგიის, თუ პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კონფერენციას ესწრებიან არამარტო მუსლიმი და ქრისტიანი ქალბატონები, მემარცხენე და კონსერვატიული პარტიის წევრები, არამედ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებიც.
ახალმა კამპანიამ „ეგვიპტელი ქალი“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის წარმოჩენას, რომელიც ძველი ხელისუფლების პირობებში ძირითადად უგულვებელყოფილი იყო.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამანი ჰასანი ამ საკითხთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს:
“ადრე მათ ხმებს ყიდულობდნენ. ჩვენ კი გვინდა ავუხსნათ, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებელნი არიან. ელექტორატმა უნდა იცოდეს, რა ნიშნით აირჩიოს კანდიდატი, სამომავლოდ რის გაკეთებას პირდება ის ქალებს და მათ შვილებს“.
ბევრი ეგვიპტელისთვის მსგავსი კონფერენცია სრულიად ახალი კონცეფციაა. ქალთა უფლებების დამცველი ექსკლუზიური ჯგუფები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში მოღვაწეობდნენ, როგორც წესი, არაეფექტურები იყვნენ.
„იქ მოღვაწე ქალბატონები ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ბუნებრივია, მათ არ შეეძლოთ იმ პრობლემების გათავისება, რომელთა დაძლევაც ეგვიპტელი ქალების უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს“ - აღნიშნავს კონფერენციის ორგანიზატორი.
ანალოგიური პრობლემები კიდევ უფრო აქტუალური გახდება, თუკი ხელისუფლების სათავეში ისლამისტები მოვლენ. უფლებადამცველები სამართლიანად არიან შეშფოთებული იმით, რომ ისლამისტი კანონმდებლები გამუდმებით ცდილობენ ქორწინების ასაკის დასაშვები მინიმუმის შემცირებას და სხვა დისკრიმინაციული კანონების დამტკიცებას. თავად ამანი ჰასანიც ისლამისტ დეპუტატობის კანდიდატს უჭერს მხარს და ამბობს, რომ ეს საკითხი დიდად არ აღელვებს:
„გეთანხმებით, ისინი ექსტრემისტები არიან. თუმცა, უმრავლესობას ვერ შექმნიან და ეგვიპტის პოლიტიკურ სცენაზე მთავარ როლს ვერ შეასრულებენ. ღვთის წყალობით, ასე იქნება, დარწმუნებული ვარ“.
ქალთა უფლებების კონფერენციაზე ბევრი ამბობს, რომ რელიგია სამოქალაქო უფლებებზე როგორც ყოველთვის, დიდ გავლენას იქონიებს. ნაურა მუჰამედ ისმაილი ქაიროს აინ შამის უნივერსიტეტში გეოგრაფიას ასწავლის. მისი თქმით, ზომიერი მიდგომა იდეალური იქნებოდა, ვინაიდან ეგვიპტე ზოგადად ზომიერად რელიგიური ქვეყანაა. როგორც ყველაფერ დანარჩენში, ზომიერება აქაც ყველაზე კარგ შედეგს მოიტანს - ამბობს ის და დასძენს, რომ რელიგიურობაზე მეტად უკვე დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების კლიშეები აშინებს, რომელიც მამაკაცთა მკაცრ დომინირებას განსაზღვრავს. ქაიროს მკვიდრი მამაკაცივ იგივეს ამბობს. ის ამტკიცებს, რომ კაცები სამსახურებში სამუშაოს უკეთ ასრულებენ და მათ შესაბამისად მეტი უფლებები ეკუთვნით.
ჯერჯერობით უცნობია, გაუძლებს თუ არა ახალი პრეზიდენტი ფუნდამენტალისტების ზეწოლას. აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება ეგვიპტეში ჯერ კიდევ ბოლომდე განსაზღვრული არ არის. რამდენად ნოვატორულად მიუდგება ქვეყნის პრეზიდენტი ეგვიპტეში დამკვიდრებულ ტრადიციულ შეხედულებებს და რა უფლებებს მიანიჭებს ის ქალებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.