ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯანსაღი კონკურენცია" თუ თავისუფალი პრესის შეზღუდვა?


საქართველოში გამომავალმა ყველაზე მსხვილი ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა, 24-მა გაზეთმა და 10 ჟურნალმა, რომელთა გავრცელების ძირითადი არეალი თბილისია, დღეს ღია მიმართვა გაუგზავნა დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს.

მიმართვაში კერძოდ ნათქვამია, რომ „თბილისის მერიის პროექტს, „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“ სინამდვილეში არაფერი არ აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან. ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას“.

თბილისის მერიამ 7 ოქტომბრიდან ღია აუქციონის წესით დაიწყო, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ჯიხურების განთავსების უფლების გაყიდვა. 16 ნოემბრიდან კი გასაყიდად გამოიტანა ის ადგილებიც, სადაც უკვე წლებია ჯიხურები პრესის სადისტრიბუციო კერძო კომპანიებს ჰქონდათ განთავსებული.

პრესის გავრცელება საგაზეთო ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი სეგმენტია, ამიტომ მერიის გადაწყვეტილებას ბეჭდური მედიის საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე და გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე კერძოდ ამბობენ:

ია მამალაძე: „ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას არგუმენტები წარმოადგინოს და ის ვალდებულია წარმოადგინოს, იმიტომ, რომ ხელფასს ჩვენი ბიუჯეტიდან იღებს, მათ შორის ბეჭდური მედიიდან გადახდილი გადასახადებით და ვალდებულია, დაგველაპარაკოს, შეგხვდეს და მოგვაწოდოს ყველა ინფორმაცია რაც ეხება ამ გამოცხადებულ ომს.“

ელისო ჩაფიძე: „ხალხმა,უნდა გაიგოს, ხდება ის, რომ უკვე არსებულ საგაზეთო ჯიხურების ადგილებზე მერია აცხადებს აუქციონებს და აპირებს ძალიან დიდი ფულის გაკეთებას, მაშინ როდესაც, თბილისში სხვა კომპანიებმა უპრობლემოდ ჩადგეს ჯიხურები, ყოველგვარი ტენდერის გარეშე. მათ შორის ერთ-ერთმა კომპანიამ 200 მდე ჯიხური ჩადგა, რომელიც გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საკუთრებაშია.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის მიხედვით, 2009 წლის აპრილიდან 2011 წლის ივლისამდე თბილისის მერიამ ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ჯიხურის განთავსებაზე 739 ნებართვა გასცა.

აქედან, ნახევარზე მეტი, 387 ჯიხურის განთავსების უფლება იმ კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც მმართველი ელიტის წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების საკუთრებაშია.

მათ შორის, არიან - „უაით დისტრიბუშენი“ (185 ჯიხური), „აუთდორ ჯი“ (50), „მაგი მედია“ (50), „ნუგეში“ (85) და ლატარიის კომპანია (17). აქედან „უიად დისტრიბუშენს“ (ამ კომპანიან ახლახანს სახელი გადაირქვა და „ექსპრესი“ ჰქვია), „აუთდორს“ და „მაგი მედიას“ ერთი და იგივე მეპატრონე ჰყავს, ძირითადი - „ბლექსთაილ მენეჯმენტი“, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა ოფშორშია რეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიებში წილებს ასევე ფლობენ: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე და კომინიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სოფია ბრიტანჩუკის მეუღლე.

ამ კომპანიებს კი მართავენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლისძმა და უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლისდა.

კომპანია „ნუგეშს“ პირადად თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიანიჭა უფლება ჯიხურების ქსელში, საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად ევაჭრა. ლატარიის ბაზარზე ერთადერთი მონოპოლისტი „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ასევე მმართველი ელიტის მიერ არის დაარსებული.

იმავე პერიოდში მერიამ ჯიხურების დადგმაზე 1776 მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ახალი ჯიხურების გამოჩენის შემდეგ, მსხვილმა მედია ჯგუფებმა (ალია, კვირის პალიტრა, რეზონანსი) იქ საკუთარი მედია პროდუქციის შეტანა შეწყვიტეს.

დღეს მერიამ უკვე პრესის ჯიხურების მასიური აღება დაიწყო. მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბეჭდურ მედიას გააკოტრებს:

„ეს პირდაპირ აისახა გაზეთების და ჟურნალების ტირაჟებზე. ეს გადაწყვეტილება ძალიან პრობლემურია უკვე და კიდევ უფრო პრობლემური იქნება ხვალ, ზეგ როდესაც ეს აუქციონები გაგრძელდება, გამოცხადდება ახალი გამარჯვებულები, რომლის ინტერესი იქნება გაყიდოს არა 50 თეთრის ან 1 ლარის ღირებულების გაზეთი ან ჟურნალი, არამედ გაყიდოს 5 ლარის ღირებულების შაურმა და გაყიდოს მეტი ოდენობით რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს.

რა თქმა უნდა, მისი ინტერესის საგანი საერთოდ არ იქნება იქ პრესა გაყიდოს, ანუ პრესა დირექტიულადაც, ადმინისტრაციული გზითაც და ბიზნესს კანონებითაc გამოვარდება ბაზრიდან.“

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პირველი სერიოზული დარტყმა ბეჭდურმა მედიამ მაშინ მიიღო, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, სახელმწიფო დაწესებულებებში პრესის გამოწერა აკრძალეს. ამ გადაწყვეტილებით, ბეჭდური მედიის საერთო ტირაჟი 300 ათასით შემცირდა.

მოგვიანებით, მხოლოდ ერთ ბეჭდურ საშუალებას (24 საათს) გადაეცა სახელმწიფო შესყიდვების, ტენდერებისა და განკარგულებების ბეჭდვის უფლება, რამაც სხვა მედია საშუალებები ასევე დააზარალა.

2010 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პრესის ასოციაცია პარლამენტში პრესის გავრცელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის უარყოფითი პოზიციის გამო, ეს ინიციატივა პირველი მოსმენითაც კი არ განუხილავთ.

თბილისის მერი, რომელიც ადრე ჟურნალისტი იყო ბეჭდური მედიის პროტესტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG