ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპროპრიაცია ქართულად: ქარხანა ტელეკომპანიაში გაიცვალა


საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, რომლის შედეგადაც პატარკაციშვილებმა ხელისუფლებას ტელეკომპანია „იმედი“ და მთაწმინდის პარკი დაუთმეს, ცნობილი ხდება პირველი მსხვილი ბიზნეს-აქტივის შესახებ, რომელიც ოჯახმა ამ გარიგების შედეგად დაიბრუნა.

მთავრობამ პატარკაციშვილებს 2008 წელს ჩამორთმეული სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადი“ იგივე, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა დაუბრუნა. მთავრობის და ოჯახის შეთანხმებამდე, ამიერკავკასიაში უდიდესი მეტალურგიული ქარხანა ჯოზეფ ქეის, იგივე იოსებ კაკიაშვილის საკუთრებაში იყო.

ამ ადამიანს პატარკაციშვილები დღემდე გარდაცვლილი ოლიგარქის ანდერძის გაყალბებაში ადანაშაულებენ. საქართველოს მთავრობა სწორედ ჟოზეფ ქეის გამოყენებით დაეპატრონა ბადრი პატარქაციშვილის ყველა ბიზნეს-აქტივს და სანაცლოდ რუსთავის მეტალურგიული გადასცა. დღეს ქეი თამაშგარე მდომარეობაში აღმოჩნდა.

ეროსი კიწმარიშვილი, ოპოზიციური „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი პასუხი მოსთხოვოს პრეზიდენტს სააკაშვილს კერძო ბიზნესის ასეთი უპრეცედენტო ექსპროპრიაციის გამო:

„ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ აჩვენებს სააკაშვილის რეჟიმის ცინიკურ სახე, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჩვენ რომ საქმე გვაქვს სამართლიანობისგან დაცლილ რეჟიმთან, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ შეინარჩუნოს ქვეყნის შიგნით სიტუაციის კონტროლი.

იმედი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მედია ინსტრუმენტი ამ რეჟიმის ხელში არის ის დიდი ფაქტორი, რომლის გულისთვისაც ისინი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და ეს შეთანხმებაც ამის მაჩვენებელია.

მე არ ვიცი რა დათმო ამ შემთხვევაში ქართულმა სახელმწიფომ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის რეჟიმი ამ შემთხვევაში დარჩა მოგებული.

ეკონომიკური თვალსაზრისით იზარა ქართულმა სახელმწიფომ, მორალური თვალსაზრისით შეიძლება იზარალა პატარკაციშვილის ოჯახმა, მაგრამ ეკონომიკური თვასაზრისით მას არ უზარალია.

საქართველოში პატარკაციშვილის აქტივი მოიცავს არა მხოლოდ ტელევიზას მხოლოდ და მთაწმინდის პარკს, არამედ მოიცავს „მაგთიში“ სერიოზულ წილს, მეტალურგიულ კომბინატთან დაკავშირებულ საკუთრების საკითხებს, მშენებლობაში წილებს და სხვა ძალიან ბევრ აქტივებს, რომელთა ირგვლივაც მიდის საერთაშორისო სასამართლოებში ძალიან სერიოზული დავები.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რეჟიმი ერთადერთ საკითხში არის უკომპრომისო, ეს არის მედიის ტოტალური კონტროლის საკითხი ანუ ხელისუფლების შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტის მუდმივი კონტროლის საკითხი.

აი აქ ისინი უკომპრომისოები არიან, ისინი არ დათმობენ არაფერს. ამ თემაზე ჩემთვის ძალიან საინტერესოა დასავლეთის რეაქცია. სიჩუმეა - არავის რეაქცია ჩვენ ამ თემაზე არ მოგვისმენია. ანუ როგორ მოხდა, რომ 100 პროცენტი საკუთრება, რომელიც 100-ვე პროცენტი ეკუთნოდა ერთ ადამიანს, ამ ადამიანის ოჯახმა დაუთმო სააკაშვილს?!“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე ზვიად ქორიძე, რომელიც 2002-2003 წლებში ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, ცხრა წლის ისტორიის მქონე კერძო ტელეკომპანიის ასეთ მძიმე დასასრულს, ლოგიკურად მიიჩნევს.

ბადრი პატარკაციშვილი და ინა გუდავაძე
ბადრი პატარკაციშვილი და ინა გუდავაძე

იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც იმედის ირგვლივ 2006 წლიდან განვითარდა. ქორიძე აცხადებს, რომ ეგონა, პატარკაციშვილების ოჯახს მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდა საზოგადოების წინაშე:

„მე არ ვიცი კონკრეტულად რა ქვენა აზრები ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილს ან მომავალში იგი რისთვის ხედავდა ამ ტელევიზიის საჭიროებას, მაგრამ საწყისი მიზანი, ყოველ შემთხვევაში იმ სარედაქციო ჯგუფის მიზანი, რომელიც თავიდან შეიკრიბა იყო თანამედროვე კონკურენტუნარიანი ტელევიზიის შექმნა.

მე ვიტყოდი, რომ დაახლოებით 2005-2006 წლამდე ტელევიზია ამ მიმართულებით მუშაობდა, მაგრამ როდესაც ერთის მხრივ თავად ბადრი პატარკაციშვილს გაურთულდა ურთიერთობა ხელისუფლებასთან და მეორეს მხრივ, ხელისუფლებამაც ტოტალური ბოიკოტი გამოუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ვითარება მივიდა იქამდე, რომ 2006 წლის შემოდგომიდან „იმედი“ პრაქტიკულად დაადგა „რუსთავიზაციის“ გზას.

ჩვენ უკვე 2007 წლის გაზაფხულზე-ზაფხულში პრაქტიკულად ხელში შეგვრჩა პროპაგანდისტული არხი, რომელმაც მეთოდურად მიიყვანა ვითარება 2007 წლის ნოემბრამდე. ანუ იქამდე, რომ 2007 წლის ნოემბერში მთელ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ჰქონდათ არა ერთმანეთის ან საკუთარი პოლიტიკური ლიდერების იმედი, არამედ „იმედის“ იმედი.

„იმედმა“ დანიშნულება შეიცვალა, მან სხვა იმედი შეიძინა. რაც მოხდა ახლა, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მე მაინც წარმომედგინა, რომ პასუხისმგებლობა პატარკაციშვილების ოჯახს უფრო მეტი ექნებოდა საზოგადოების წინაშე, იმიტომ, რომ „იმედის“ თემა, „იმედის“ ექსპროპრიაციის თემა, „იმედის“ საზოგადოებისთვის დაბრუნების თემა ეს იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა.“

კერძო ტელეკომპანია „იმედის“ გადაფორმების ოპერაცია მთავრობამ 2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებისთანავე დაიწყო.

„იმედი“, რომელიც პატარკაციშვილის ბიზნეს-პარტნიორ გოგი ჯაოშვილზე იყო გაფორმებული, ჯოზეფ ქეიზე, იგივე იოსებ კაკიაშვილზე გადაფორმდა. გოგი ჯაოშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას ფინანსურ პოლიციაში, ოჯახზე ფიზიკური ანგარისწორების მუქარით აიძულეს ამ გადაფორმებაზე ხელი მოეწერა, ამ განცხადების შემდეგ ჯაოშვილმა საქართველო დატოვა.

მალევე ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“, არაბულ კომპანია „რაკიინს“ მიყიდა, თუმცა არაბულმა კომპანიამ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში დაარსებულ „რაკ ჯორჯია ჰოლდინგთან“ „რაკიინს“ არავითარი შეხება არ აქვს.

2009 წლიდან დღემდე ტელეკომპანია „იმედს“ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე მართავს და ტელეახრის საინფორმაციო პოლიტიკა გამოკვეთილად პროსახელისუფლებოა.

XS
SM
MD
LG