ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიცია - წესრიგის დამცველები თუ ხელშეუხებელთა კასტა


რამდენად სამართლიანად რეაგირებს შსს პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე?
რამდენად სამართლიანად რეაგირებს შსს პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე?

შინაგან საქმეთას სამინისტრომ 26 მაისს მიტინგის დარბევის ორი თვის თავზე გამოაცხადა, რომ დისციპლინარული წესდების დარღვევის გამო, სამსახურიდან ოთხი თანამშრომელი გაანთავისუფლა, ხოლო რამდენიმეს საყვედური გამოუცხადა.

26 მაისს მიტინგის დაშლისას, პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამატების გამო სამი ადამიანი დაიღუპა. მრავალი თვითმხილველის ნაამბობიდან ირკვევა რომ სპეცნაზელებმა ცემით მოკლეს მომიტინგეები: ნოდარ ცხადაძე, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი.

მერაბიშვილის უწყება ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ცხადაძე, ისევე როგორც მიტინგის დროს დაღუპული პოლიციელი ვლადიმერ მანსურაშვილი, ნინო ბურჯანაძის ესკორტმა გაიტანა, ხოლო კვინტრაძე და ასათიანი დენმა მოკლა.

პოლიციელებმა მათი გვამები, რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე მხოლოდ 27 მაისს დილით იპოვეს. საზოგადოებაში დღემდე არსებობდა სერიოზული ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის მიერვე ჩადენილ დანაშაულს სამართლიანად არ გამოძიებდა.

ეს ეჭვი კიდევ უფრო გამძაფრდა, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ არ გაამხილა გათავისუფლებული ოთხი პოლიციელის ვინაობა და არ დაასახელა კონკრეტულად რაში ედებოდათ მათ ბრალი. სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა კერძოდ თქვა:

შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იყვნენ დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი. თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური რვა თანამშრომელს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული მოკვლევის შედეგები გააცნო საქართველოს სახალხო დამცველს.“

რამდენად სამართლიანად და ადექვატურად რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ მძიმე დანაშაულზე? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როცა პოლიციელების ხელით სამი ახალგაზრდა დაიღუპა.

ორივე შემთხვევაში იყო ღია მცდელობა რომ ეს დანაშაული პოლიციელებს არ დაბრალებოდათ. 8 ივლისს, წინანდალში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით ჩუთალიშვილმა, ორი, 21 წლის ახალგაზრდა: გიგა გემაზაშვილი და შოთა ბატიაშვილი, სოფლის ცენტრში უამრავი ადამიანის თვალწინ ჩაცხრილა.

პოლიციელი მთვრალი იყო. ნაციონალურმა არხებმა ეს საზარელი მკვლელობა ისე გააშუქეს, საერთოდ არ უხსენებიათ, რომ მკვლელი პოლიციელი იყო. ჩუთალიშვილი მხოლოდ მეორე დღეს დააპატიმრეს, როცა სოფელმა მისი ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვა.

12 ივლისს კი სოფელ კნოლევში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციელმა ზურაბ მალიძემ 25 წლის ნინო კობერიძე მოკლა. ძალოვანი უწყება ამ ფაქტზე მთელი დღის მანძილზე დუმდა, ხოლო სოფლის რწმუნებული საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სროლა ოსების კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

საბოლოოდ, სამინისტრომ გამოაცხადა, რომ პოლიციელი დააკავეს და იარაღი მას გაწმენდის დროს გაუვარდა. გადამწყვეტი აქაც ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ დანაშაულს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა.

პროფესორი ლევან იზორია, რომელიც 2004-2006 წლებში პოლიციის აკადემიის რექტორი იყო, ამბობს, რომ საზოგადობაში სულ უფრო მზარდი უნდობლობა სავსებით ლოგიკურია:

„საზოგადოებაში ჩნდება ლოგიკური კითხვა და მოთხოვნა იმისა, რომ როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა არის გამკაცრებული, ასევე პოლიცილის მხრიდან მოქალაქეზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იყოს გამკაცრებული. ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ამ საზარელი ფაქტების შედეგად, ეს კითხვები საზოგადოებაში ბუნებრივია დაიბადება და საკანონმდებლო ორგანომ ამასაც ადექვატური პასუხი უნდა გასცეს.

პოლიციელზე თავდსხმა გატოლებულია პოლიტიკური პირზე განხორციელებულ თავდასხმას და აღნიშნული ცვლილების ერთადერთი არსი ის იყო, რომ კოდექსში ჩაიწერა სიტყვა პოლიციელი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, გამოკვეთილად კი პოლიციელი. და, სწორედ ეს აჩენს ადექვატური მოთხოვნას საზოგადოებაში.“

ივლისის დასაწყისში სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ ჩაიწერა, რომ “პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ხელყოფა ისჯება 7–დან 11 წლამდე პატიმრობით, ხოლო სიცოცხლის ხელყოფა 16–დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ პოლიციის განსაკუთრებული როლი გამოწვეულია იერარქიული სისტემით, რომელზეც აწყობილია თანამედროვე ქართული სახელისუფლებო ვერტიკალი:

„თანამედროვე ქართული სახელმწიფო აქვს სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი თვისება - ეს არის შიშველი ძალა. სამართლიანი სახელმწიფო მოგეხსენებათ გულისხმობს ბალანსის და შემოწმების სისტემას, ეს ჩვენ არ გვაქვს.

აქ არის იერარქიული სისტემა და აქედან გამომდინარე პოლიციას ამ იერარქიულ სისტემაში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი. ხელისუფლება იცავს თავის თავს პოლიციის მეშვეობით, პოლიცია იცავს საკუთარ თავს და ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ის არის კასტა, რომელიც მაღლა დგას ნებისმიერ ჩვენგანზე და მას უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, ხოლო ჩვენ მასთან მიმართებაში რა თქმა უნდა არ უნდა გვქონდეს არანაირი უფლება.

ეს არის იდეა სწორედ შიშველი ძალის. მე ვარ და ჩემი ნაბადი - მოკლედ რომ ვთქვათ, აი ასე შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე ქართული კონსტუტუცია.“

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვენებულ კვლელებში ნათქვამია, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, საქართველო, როგორც დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცა.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ, კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი ამბობს, რომ "კორუფციისა და დანაშაულის აღმოფხვრის პარალელურად, რაც პოზიტიურია, საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ ქცევის გრძელ გზას დაადგა“. 26 მაისის დარბევა - კი „იყო სიმპტომი იმ ჯუფისა, რომელიც დიდი ხანია ფლობს ძალაუფლებას და პოლიციას კონტროლის მექანიზმად იყენებს.“

XS
SM
MD
LG