საქართველოს ხელისუფლება ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, რომ არ დაუშვას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთების მიერ „სახალხო კრების“ მანიფესტაციის უსასტიკესს დარბევას გამოიძიებს.
ასეთი კომისიის შექმნის კატეგორიული მოთხოვნით გამოდიან, ოპოზიციურ “რვიანში” გაწევრიანებული პოლიტიკური პარტიები, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი.
26 მაისს, პარლამენტის წინ, დემონსტრაციის დარბევას სულ მცირე სამი მანიფესტანტი შეეწირა, დაიღუპა ერთი პოლიციელი. დაპატიმრებულია 162 ადამიანი. გავლენიანი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა რეიჩელ დენბერგმა კერძოდ განაცხადა
„ხელისუფლებამ დადებითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მომიტინგეებს აქციის გასამართად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა პოლიციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცემა მომიტინგეები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
თბილისის დემონსტრაცია არასანქცირებული რომც ყოფილიყო, ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას. იმ პოლიციელებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეთა ცემაში პასუხი უნდა აგონ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენების დაუყონებლივი, ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოძიება.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეიტენანტ ვლადიმერ მასურაშვილის დაღუპვაში, „სახალხო კრების“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლს ადანაშაულებს.
სამინისტრომ უკვე გაავრცელა ბურჯანაძის თანაშემწის ივა ჩიღვინაძის აღიარებითი ჩვენება, სადაც იგი ამბობს, რომ პოლიციის ლეიტენანტი შეიძლება მაშინ გაიტანა, როცა ავტომანქანით რუსთაველის გამზირის დატოვებას ცდილობდა.
სამინისტრომ ყოველგვარი გამოძიების გარეშე განაცხადა, რომ ამავე ესკორტმა გაიტანა მანიფესტანტი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ნოდარ ცხადაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა ორი თვითმხილველის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ცხადაძე სავარაუდოდ სპეცნაზელებმა ცემით მოკლეს.
ცხადაძის ბიძაშვილი დავით ცხადაძე ამბობს, რომ სანამ გონს დაკარგავდა იგი და გარდაცვლილი ნინო ბურჯანაძის მანქანას უკან მიყვებოდნენ. ხოლო „ლეიბორისტი“ კარენ არუთინიანი პირდაპირ აცხადებს, რომ ცხადაძეს მის თვალწინ უმოწყალოდ სცემდნენ. ამ ორი მოწმის ჩვენება შსს-ს ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
დავით ცხადაძე: „დარბევა რო დაიწყო გამოვიქეცით გამოვყევით ბურჯანაძის ესკორტს და რო მოვყვებოდით ესკორტს, ერთი დარტყმა მახსოვს და მეტი არაფერი აღარ მახსოვს. ერთად მოვდიოდით მე და ნოდარი, ხელი ხელს გვეკიდა და მერე როგორ დავცილდით აღარ მახსოვს.“
კარენ არუთინიანი: „ის კაცი ყვიროდა ნუ მცემთო გული სუსტი მაქვს ვერ გავუძლებო, ნუ მცემთო და რო ურტყეს დავარდა და ხმას არ იღებდა.“
კიდევ უფრო მეტი კითხვა არსებობს აქციის ორი მონაწილის ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის დაღუპვასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტომ, 27 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ მეტრო თავისუფლების მოედანთან მდებარე მაღაზიის სახურავზე კვინტრაძისა და ასათიანის გვამებს მიაგნო, რომლებიც სავარაუდოდ დენმა იმსხვერპლა.
დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ გარიცხულია სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს გვამებისთვის ვერ მიეკვლია, მაშინ როცა 26 მაისის სამხედრო აღლუმისთვის პერიმეტრის შემოწმება ხდებოდა.
ნიკა კვინტრაძის ბავშვობის მეგობარი რეზო რეხვიაშვილი, რომელიც მიტინგზე კვინტრაძესთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ კვინტრაძე დარბევის დროს მის გვერდით იყო და შეუძლებელია მაღაზიის სახურავზე მოხვედრილიყო:
„როგორ უნდა დაღუპულიყო დენით მე არ ვიცი, ერთად ვიყავით იქ. ალყაში ვიყავით მოქცეულები რა. ჩვენ გვინდოდა გაქცევა, მაგიტომ წამოვედით რა, ნამდვილად არ ვაპირებდით შეკვდომას არც ერთი და არც მეორე. გვინდოდა მისვლა (მეტროსთან მდებარე) კიბეებთან რომ ავსულიყავით და გაგვერიდებინა თავი.
იქ კი იქიდან ჩამოსული სპეცნაზელები დაგვხდნენ რა ფაქტიურად ალყაში მოგვაქციეს, არ არსებობდა გაქცევის შანსი. არ არსებობდა რა, ყველას იქვე კოჭავდნენ და აგდებდნენ. თან ახალგაზრდებს მით უმეტეს. ნიკა ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო, ჩემი სიმაღლის და იმას ეგრე არ გაუშვებდნენ. ის კი არადა ქალებს და ბავშვებს იჭერდნენ. მასხოვს რომ 60 წელს მიტნეული ქალი იყო და ის არ გაატარეს.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელისუფლებო მედიის გამოყენებით დაუფარავად ცდილობს, ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების დისკრედიტაცია მოახდინოს.
კვინტრაძეების ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. „ამერიკის ხმას“ ოჯახის მეგობარმა ანონიმურად დაუდასტურა, რომ გარდაცვლილის ოჯახზე წარმოუდგენელი ზეწოლა მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, ოჯახს ემუქრებიან, რომ ციხიდან ვერასოდეს გამოვა ნიკა კვინტრაძის პატიმრობაში მყოფი შვილი, თუ ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას და გამოძიებას მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც ნიკა კვინტრაძის დაღუპვის ამბავი გახმაურდა, ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, გულის შეტევით გარდაიცვალა, ნიკა კვინტრაძის მამა შალვა კვინტრაძე.