საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამხრეთ ოსეთის–დე–ფაქტო რესპუბლიკაში დღეს იმართება. ერთმანეთის პირისპირ ორი კანიდატია, ორივე ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი. წინა ტურში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა ვერც ერთმა მათგანმა ხმათა 50 პროცენტის მოგროვება ვერ შეძლო. მათ, ფაქტობრივად, ერთნაირი შედეგი აჩვენეს, რასაც არავინ პროგნოზირებდა. ანატოლი ბიბილოვი მოიაზრება კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანიდატად, რომელიც წარდგენილია მმართველი პარტიის მიერ ცხინვალში, რომლის ლიდერი მოქმედი პრეზინდენტი კოკოითია. ჯიოევა ოპოზიციის კანდიდატია. მის ნაცვლად რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი უნდა ყოფილიყო, ცეესკოს რომ ხელი არ შეეშალა მისთვის პრეზიდენტობის კანიდადატად დარეგისტრირებაში.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯიოევა ამ დრომდე მშვენივრად ახერხებს ნაკისრ ვალდებულებებს გაართვას თავი. მან საკმაოდ დამაჯერებლად მოახერხა არჩევნების მეორე ტურში გადასვლა. თანაც ისე, რომ მისი მხარდამჭერების გარკვეულ ოდენობას არჩევნებში ხმის მიცემის უფლება შეზღუდული ჰქონდა. ასეთები მრავლად იყვნენ ჩრდილო ოსეთში. ვლადიკავკაზში არაერთხელ გაიმართა თედეევის მხარდამჭერი მიტინგი, რომელზეც მოქალაქეები მას ღიად უჭერდნენ მხარს და კოკოითის პოლიტიკას დაუფარავად აკრიტიკებდნენ. დაახლოებით 17 ათას ამომრჩეველს, რომელიც ჩრდილო ოსეთში ცხოვრობს და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვს, ხმის მიცემის უფლება არჩევნების წინა ტურში შეზღუდული ჰქონდა იმ მარტივი მიზეზით, რომ ცეესკომ ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი განაცხადა. მეორე ტურში ვითარება არ შეცვლილა. ოპოზიციის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს ადაპტირება რთულ ვითარებაში და გააკეთეს განცხადება, რომ ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოემსახურება უფასო ატობუსები, რომელებიც როკის გვირაბის გავლით მათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ უახლოეს საარჩევნო უბნამდე მიიყვანენ. ცეესკოს თავმჯდომარე ცხინვალში ბელა პლიევა აცხადებს, რომ მეორე ტურის ნორმალურად ჩატარებისთვის ყველა პირობა არსებობს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგორს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი არაერთხელ სტუმრობდა. ისინი შეხვედრებს ამომრჩევლებთან, ძირითადად ყოფილი პირველი ქართული სკოლის შენობაში მართავდნენ. ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ადგილობრივებისთვის ყველაზე უფრო მიმზიდველი ოპოზიციური კანდიდატის, ჯიოევას წინასაარჩევნო დანაპირები აღმოჩნდა. „ჯიოევამ ხალხს უთხრა, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში ქართველებთან მიმოსვლა თავისუფალი გახდება, ისე, როგორც ადრე იყო და შეზღუდვები მოიხსნება. ხალხს ამაზე უთქვამს, ჩვენ ისედაც გვაქვს კონტაქტის შესაძლებლობაო, რაზეც ჯიოევას უპასუხია, რომ გადაადგილებისას შიშის ფაქტორიც მოიხსნებაო. ადგილობრივები ჯიოევას უფრო მეტად ემხრობიან, მას უფრო განათლებულ ადამიანად თვლიან, თუმცა პოლიცია ბიბილოვის სასარგებლოდ მუშაობს, ხალხს აშინებენ, ბიულეტენებს დაგინიშნავთო,“– ამბობს ზურაბ ფიცხელაური. რაც შეეხება ბიბილოვის ვიზიტს ახალგორში, გამგებლის თქმით, მის რიტორიკაში განსაკუთრებული არაფერი დამახსოვრებიათ ადგილობრივებს. ბიბილოვმა ახალგორში ისაუბრა საბაჟოს შესაძლო გახსნისა და სავიზო რეჟმის შესახებ დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფარგლებში. ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ ახალგორში 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
მესამე დღეა მიმოსვლა შეწყვეტილია ახალგორის გამშვები პუნქტიდან არჩევნებთან დაკავშირებით. გზა, სავარაუდოდ, ორშაბათიდან გაიხსნება.