ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციისა და ადმინისტრაციის ჭიდილი ცხინვალში


ოპოზიციისა და ადმინისტრაციის ჭიდილი ცხინვალში
ოპოზიციისა და ადმინისტრაციის ჭიდილი ცხინვალში

ცხინვალში ვითარება კვლავაც დაძაბული რჩება, ჯერაც უცნობია ცნობს თუ არა რუსეთი 27 ნოემბრის არჩევნების შედეგებს. მთელი კვირის განმავლობაში ქალაქში მიტინგები სიცივისა და თოვლის მიუხედავად არ წყდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს და გუშინ საპროტესტო მუხტი ოდნავ შენელდა, ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას ავადმყოფობის გამო. მომიტინგეების წინაშე ცხინვალში სიტყვით ჯიოევას თანაგუნდელები გამოდიან. გუშინ ანატოლი ბარანკევიჩმა საზოგადოებას გააცნო ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას აქვს ხელისუფლებისადმი, აცნობა ასევე მომავალი სამოქმედო გეგმა. მან დღევანდელი რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების შესახებაც გააკეთა განცხადება. ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს. „გვაქვს ასეთი ხასიათის შემოთავაზება, რომ ხმა მისცეთ „ედინაია რასიას“, ამასთან, პატარა კვადრატში, სადაც აღნიშვნას ვაკეთებთ ხოლმე, ჩაწეროთ ალა ჯიოევას გვარის პირველი ასო. ოპოზიცია რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს ხვდება, მაგრამ მე იქ არავის მივუწვევივარ. თუ ჩავერთვები ამ მოლაპარაკებაში ჯიოევას ნაცვლად, რადგან იგი ახლა ავადაა და ამას ვერ ახერხებს, ჩვენი მოთხოვნები იქნება შემდეგნაირი: პირველი – არჩევნების შედეგების აღიარება, მეორე – სიტუაციის სტაბილიზაციისთვის დაუყოვნებლივ პრეზიდენტის გადადგომა, ასევე მოვითხოვთ გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას, მესამე: დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და მეოთხე: დანიშნოს ალა ჯიოევას ინაუგურაციის თარიღი და დაიწყოს მისთვის მზადება. თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდა, წერილს გავამზადებთ რუსეთის პრეზიდენტისადმი, ტექსტს წაგიკითხავთ და თუ მოგეწონებათ გავგზავნით. მივმართავთ ასევე რუს ხალხს, კავკასიელ ხალხსა და მსოფლიო საზოგადოებას. შემდგომ, ორშაბათისთვის თუ მაინც არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მოვაწყობთ საერთო გაფიცვას“,– განაცხადა ბარანკევიჩმა გუშინდელ მიტინგზე.

ხელისუფლება ცხინვალში თანდათან „ადაპტაციას“ იწყებს შექმნილ მოულოდნელობასთან, რაც არჩევნებში ოპოზიციური ლიდერის გამარჯვების გამო მოხდა. ორი დღეა განუწყვეტლივ ვრცელდება ინფორმაცია ოსი ეროვნების ბლოგერებისა და ჟურნალისტების დაკავების შესახებ. ვლადიკავკაზში დააკავეს ჟურნალისტი მარია პლიევა, რომელსაც ბრალად წაუყენეს საკუთარ ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების განთავსება ძალოვანებისადმი. დააკავეს აგრეთვე სოსლან კოკოევიც, რომელიც ოპოზიციური საიტის, „უასამონგას“ შემქმნელია. საიტი ახერხებს, გარკვეულწილად ასახოს ცხინვალში არსებული ვითარება, თუმცა მას, ისევე როგორც მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს ცხინვალში დიდი პრობლემები აქვს. სააგენტო „რესი“ დღეს იუწყება, რომ მუშაობა განაახლა ცხინვალში ექვსმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ. აქედან სამი რადიოა და სამი ტელევიზია, რომელიც მთელი ერთი კვირის მანძილზე მოკლე ჩართვის გამო იყო გათიშული. დღევანდელი ინფორმაციითვე გნთავისუფლებულია მარია პლიევა, მხოლოდ იგი კვლავ რჩება სასამართლო სხდომის მეორე რაუნდის მოლოდინის რეჟიმში.

სოსლან კოკოევის შესახებ კი რადიო „ლიბერთი ნიუსი“აქვეყნებს ცნობას, რომლის მიხედვით, იგი მათთვის მიცემული ინტერვიუს გამო დააკავეს. ინტერვიუში კოკოევი ამბობს, რუსეთი ცხინვალში „წყალს ამღვრევს“. „ცხინვალი აპრიორი მოკავშირედ მიიჩნევს რუსეთს. თუმცა უკანასკნელი პერიოდში აქ ყველა მიხვდა, რომ რუსეთი მათ იგნორირებას ახდენს, გარკვეულწილად. კოკოითი ვინაა? ვთქვათ, წარმოვიდგინოთ სურათი, რომ ხვალ რუსეთი გაქრა და კოკოითი საკუთარი ხალხის პირისპირ აღმოჩნდა. ხალხი მას შეჭამს პირდაპირ. კოკოითი რუსეთის გარეშე არავინაა. გამოდის, რომ იგი რუსეთს იყენებს ხალხის წინააღმდეგ,“– ამბობს კოკოევი. თუმცა მთავარი მესიჯი, რაც მის ინტერვიუში გაჟღერდა, სამხრეთ ოსეთის დასავლეთ ევროპასთან კავშირს ეხებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება ღმოჩნდეს ცხინვალის მოკავშირე ამგვარ ვითარებაში და შეიძლება თუ არა ასეთად იქცეს საქართველო, კოკოევი პასუხობს, რომ საქართველოს წარსულში არანაკლებ ცუდი საქმე უკეთებია ოსეთისთვის, ამიტომ მას, როგორც მოკავშირეს ვერ განიხილავენ. ერთადერთი, ვისგან მხარდაჭერაზეც შეიძლება იფიქრონ, ეს დასავლეთია.

ცოტა ხნის წინ დასრულდა რუსეთის ფედერაციის სპეციალური წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვისა და ალა ჯიოევას შეხვედრა. მისი თანაგუნდელის, ალან პლიევის განცხადებით, მოლაპარაკებაზე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. ამდენად ცხინვალში, ჯერ ისევ ძალაში რჩება ოპოზიციის მოთხოვნები, რასაც თეატრის მოედანზე შეკრებილი საზოგადოება მხარს უჭერს.

XS
SM
MD
LG