ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რაც ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს საქართველოში, საუბარია კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარების შესახებაც.
ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ის ვითარება, რაც რეალურად არსებობს კონფლიქტის ზონებში. საუბარია იმის შესახებაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანები და თავად დაიწყო ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლება ამ ტერიტორიებზე, რითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეზღუდათ გადაადგილების უფლება. ნათქვამია ისიც, რომ უკონტროლო ზონებში ხშირად ადგილი აქვს სიცოცხლის ხელყოფას, გატაცებებს, ადამიანების თვითნებურად პატიმრობაში აყვანას და რომ ეს პროცესი ჯერაც გრძელდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დე–ფაქტო ხელიუსფლება აგრძელებს ადამიანის უფლებების შეზღუდვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ეთნიკურ ქართველებს. კონკრეტულად, იზღუდება მათთვის ხმის მიცემისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების უფლება, ასევე მათ არ აქვთ საშუალება ისარგებლონ ისეთი ძირითადი უფლებებით, როგორიცაა საკუთრების, ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილების უფლება. ეთნიკური ქართველები ზეწოლას განიცდიან ასევე აფხაზური და რუსული ძალებისგან, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის „არმიისგან“, მინიშნებულია ასევე იმის შესახებაც, რომ გალის რაიონში იზღუდება სკოლებში ქართული ენის სწავლება.
სამხრეთ ოსეთში კი ქართველებს უფლებას არ აძლევდნენ გადაადგილებულიყვნენ არც შეიარაღებულ კონფლიქტამდე და არც მის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი არ მიიღებდნენ „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობას, პრაქტიკურად, კი ეს ნიშნავდა რუსული პასპორტის აღებას. როგორც საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი იტყობინებოდა, მათაც კი არ აძლევდნენ საშუალებას რეგულარულად მოენახულებინათ ადგილობრივი მცხოვრებლები და შეეტანათ იქ ჰუმანიტარული დახმარება.
ანგარიშში საუბარია საბრძოლო სარაკეტო სისტემების გამოყენების შესახებაც სამოქალაქო ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ გრადებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ის გამოიყენა როგორც რუსულმა, ასევე ქართულმა მხარემ და ამ ქმედების გამო დაიღუპა სულ მცირე 17 მოქალაქე და დაიჭრა გაცილებით მეტი. HRW–ის ანგარიშზე დაყრდნობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უხეშად დაირღვა როგორც რუსული, ასევე ქართული და ოსური ხელიუსფლებების მხრიდან, რამაც გამოიწვია მოქალაქეების სიკვდილი და საკუთრების მასიური განადგურება. საუბრია არაპროპორციული ძალის გამოყენების და ოსური მხრიდან ეთნიკური ქართული სოფლების გამიზნული და სისტემატური განადგურების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია: „კონფლიქტის შემდეგ გრძელდებოდა ძალადობრივი შეტევები ადმინისტრაციულ საზღვრებთან. საერთაშორისო მონიტორებმა ვერ შეძლეს დაედგინათ კონკრეტული დამრღვევების ვინაობა, თუმცა ადასტურებენ, რომ უმეტესწილად, შეტევები ხორციელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან... რუსულმა ძალებმა წარუმატებლობა განიცხადეს მოსახლეობის დაცვის საქმეში მაშინ, როდესაც ოსმა სეპარატისტებმა შეუტიეს ქართულ სოფლებს. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სცადა ეთნიკური წმენდის განხორციელება ქართულ სოფლებში, რისთვისაც ყველას უნდა დაეკისროს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და შესაბამისად, დაისაჯონ ომის კრიმინალები“.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დიდი მუშაობა გასწია ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა დასძენს, რომ ის ჯერვონად არ ასახავს კონფლიქტის ზონებში არსებულ რეალობას. ექსპერტი საუბრობს ფაქტების შესახებ, რასაც ხშირად ადგილი აქვს ქართული პოლიციისა და საზღვრის დამცველების მხრიდან, როდესაც ისინი ქმნიან ხელოვნურ ბარიერს მოქალაქეებისთვის, რომელთაც კონფლიქტის ზონაში გადაადგილების სურვილი აქვთ. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ახალგორთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკას ატარებს, რაც გამოიხატება ამ რაიონის ეთნიკური ქართველებისგან დაცლის მზარდი ტენტენციით. იგი ამბობს, რომ ეს ხელოვნურად, იმის საილუსტრაციოდ კეთდება, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდეს იმაში, რაშიც უკვე დარწმუნებულია: რომ აგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა მოხდა.
ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, როდესაც ოსმა სნაიპერებმა ესროლეს ქართველ მესაზღვრეებს, პოლიციასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს. ხაზი აქვს გასმული, რომ რუსეთმა დაბლოკა ეუთოსა და გაეროს ორგანიზაციების მონიტორინგის მისიები კონფლიქტის ზონებში და რომ მათი შეშვება არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე შეუძლებელია. მითითებულია ასევე, რომ ესაა მცირე ინფორმაცია, რის მიძიებაც მათ შეძლეს, რადგან ამ ტერიტორიებზე შესვლა ჯერაც დიდ სირთულეებს უკავშირდება.