კვლევის თანახმად, რომელიც საერთაშორისო და ნაციონალური არასამთავრობო ორგანიზაციების „უსაფრთხო მსოფლიო“, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ერთობლივად ჩატარდა, გამოიკვეთა ის საჭიროებები და საფრთხეები, რაც ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს გააჩნიათ. კვლევის შედეგების შესახებ გორში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროსაც ისაუბრეს, დისკუსიაში, რომელიც კვლევის პრეზენტაციას მოჰყვა, აქტიურად ჩაებნენ ომით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანები. ეგრეთწოდებული ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონა კვლევის ჩასატარებლად ოთხ ჯგუფად დაყვეს. თითო ჯგუფში გაერთიანდა ისეთი სოფლები, რომლებიც მეტ–ნაკლებად იდენტურ გარემოში ცხოვრობენ, იდენტური საჭიროებებთა და მოთხოვნილებებით.
ომიდან სამი წლის შემდეგ წარმოებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები ადამიანები საკუთარი მდგომარეობის შეფასებისას 2010–2011 წლებს გაცილებით უარესად მიიჩნევენ, ვიდრე 2009 წელს.
„ნიქოზი –მერეთის ჯგუფში, რომელიც ომის დროს საომარი მოქმედებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა, უსაფრთხოებაა. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ. ზოგადად, უსაფრთხოების საკითხი ძალიან აქტუალურია, თუმცა წითელუბანი–ლამისყანის მიმართულებით განსხვავებული სიტუაცია დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფში შემავალ სოფლებს 2008 წელს საომარი მოქმედებები უშუალოდ არ შეხებია, ამასთან, მათ კონფლიქტის, როგორც ასეთის გამოცდილება არ აქვთ, ვინაიდან მეოცე საუკუნის 90–იან წლებში განვითარებული მოვლენების დროს აქ მცხოვრებ ადამიანებს არანარი მონაწილეობა არ მიუღიათ. გარდა ამისა, წითელუბანი–ლამისყანის მიმართულებით, ძირითადად ქართულ–ოსური შერეული ოჯახები სახლობენ, რომლებსაც 2008 წლამდე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებთან. ჩვენს კვლევაში, ამ ჯგუფთან მიმართებით, სწორედ ახლობლებთან ურთიერთობის შეზღუდვა და მისგან გამოწვეული პრობლემები წარმოჩინდა წინა პლანზე. გაუარესებული სოციალური ფონის არსებობა კი ყველა ჯგუფში დაფიქსირდა,“– ამბობს ნათია ნადირაძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის პროექტის კოორდინატორი.
შეხვედრას სოფელ ერგნეთში მცხოვრები ქალბატონი ლია ჩლაჩიძეც ესწრებოდა, რომელმაც უსაფრთხოების პრობლემის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დაუცველობის შეგრძნებებს პირველ რიგში, არაინფორმირებულობა იწვევს. „ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს სროლები, რომელთა ხმა ძალიან კარგად გვესმის. მოსახლეობამ სანამ თვითონ არ გაარკვია, რატომ ისროდნენ ცხინვალის მხრიდან, არავის საჭიროდ არ ჩაუთვლია მოსულიყო და ჩვენთვის ეთქვა, ეს სროლები სწავლებას უკავშირფდება და არ შეგეშინდეთო. ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა არჩევნებთან და პრეზიდენტობის კანდიდატთა დარეგისტრირების საკთხთან დაკავშირებით, ოსურ საიტებზე წავიკითხეთ დადგენილება, რომელსაც კოკოითი აწერდა ხელს. ამ დადგენილების მიხედვით, რომელიც ახლაც ხელთ მაქვს, იხსნებოდა საზღვარი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ოთხ ადგილას, საიდანაც გამარტივებული წესით შეიძლებოდა გადასვლა როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით. ერთ–ერთ ასეთ გადასასვლელ პუნქტად მითითებული იყო ერგნეთიც. ჩვენ მაშინ პანიკაში ჩავვარდით და არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, თუ ცხინვალიდან მოსახლეობის გადმოსვლა დაიწყებოდა. ვკთხეთ ადგილობრივად გუშაგებს, პოლიციას ამის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ჩვენ იქ ვცხოვრობთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, რის მომსწრეც სამი წლის წინ ვიყავით, პირდაპირ სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. ნუთუ არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენი ინფორმირება, ან თუნდაც გაფრთხილება, რომ არ შეგვეშინდეს, საჭიროა?– ამბობს ლია ჩლაჩიძე.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში უსაფრთხოების შეგრძნების არაერთი გამომწვევი მიზეზის შესახებაა საუბარი, რომელსაც თან ერთვის სოციალურ პრობლემათა მთელი ჯაჭვი შეშის მოპოვებიდან დაწყებული, გაძლიერებული მიგრაციით დასრულებული, ნათქვამია იმის თაობაზეც, როგორ წარმოუდგენია მოსახლეობას ცხოვრების გაგრძელება. წითელუბანი–ლამისყანის ჯგუფში, რომელსაც კონფლიქტი არ შეხებია და მხოლოდ ახალგორის ოკუპაციის შემდეგ იქცა „მხარედ“, მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ურთიერთობების აღდგენისკენ ვაჭრობის ლეგალიზება, ან სულაც ნების დართვაა პროდუქციის მარტივ გაცვლა–გამოცვლაზე. საკუთარი მომავლის ხედვის თვალსაზრისით, ყველაზე რთული ვითარება ნიქოზი–მერეთის ჯგუფშია, სადაც მოსახლეობა მომავლის შესახებ ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებს.