თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და ფინანსთა მინისტრი, ალი ბაბაკანი, აცხადებს, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა სავარაუდო პროგნოზებით ზრდის ტემპს შეანელებს.
ბატონი ბაბაკანის თქმით ნავარაუდევი 5 პროცენტის ნაცვლად 2012 წელს თურქეთის ეკონომიკის ზრდა 4 პროცენტამდე ჩამოვა. ეს ციფრი წლევანდელ მონაცემთან შედარებით, რომელიც 7.5 პროცენტს შეადგენდა, გაცილებით დაბალია.
დღემდე გლობალური ეკონომიკური კრიზისი თურქეთის სახელმწიფოს მნიშვნელოვნად არ შეხებია. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ეკონომიკა სტაბილურ ზრდას და განვითარებას აგრძელებდა.
2012 წლის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ახლახან გამოაცხადა, შეიძლება გადაჭარბებულად ოპტიმისტურიც კი იყოს, ამბობს თუქეთის საფინანსო ბანკის წამყვანი ეკონომისტი -ინან დემირი.
„განცხადება გაისად 4-პროცენტიანი ზრდის შესახებ წლევანდელი 7.5 პროცენტის შემდეგ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალზე ამბიციურია. მსოფლიო ეკონომიკა გაურკვეველ მდგომარეობაშია და ბაზრის წინსვლისთვის ეს მთავარი თავისტკივილია“ - მიაჩნია ეკონომისტს.
ემირ იგიტი ასევე წამყვანი ეკონომისტია თურქული სავაჭრო სახლიდან „გლობალური უსაფრთხოება“. ისიც თვლის, რომ ევროპის ფინანსური კრიზისი თურქეთის ეკონომიკის განვითარებისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
“ევროპა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. რომ დავამრგვალოთ, ჩვენი ექსპორტის ნახევარი ევროპას მიაქვს და იმპორტის ნახევარიც იქიდან შემოგვაქვს. ასე რომ ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა ჩვენს მთავარ სავაჭრო არტერიას უშუალოდ ეხება. თუკი იქ რეცესია გაღრმავებას დაიწყებს, თურქული ექსპორტი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება“ - ამბობს ის.
ექსპორტის შემცირება ეკონომიკური პრობლემების დასაწყისზე მიანიშნებს. როდესაც იმპორტ-ექსპორტის ბალანსი ირღვევა, ანუ როცა ქვეყნიდან ექსპორტის რაოდენობა მცირდება და იმპორტი იზრდება, დისბალანსის დასარეგულირებლად სახელმწიფო სხვა ქვეყნებისგან დაბალპროცენტიან კრედიტს იღებს. რაც უფრო დიდი დრო გადის, დეფიციტი იზრდება და მასთან ერთად დავალიანებაც. ეს ყოველივე ეროვნულ ეკონომიკას ხანგრძლივი პერიოდით წევს უკან.
ეკონომისტი ინან დემირი ამბობს, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში თურქეთში შესაძლოა ისეთი ფინანსურ შოკს ჰქონდეს ადგილი, როგორიც იყო 2008 წლის ამერიკული კომპანიის „Lehman Brothers”-ის ცნობილი მოვლენები.
ამის საპასუხოდ თურქი ბიზნესმენები ეკონომიკის დივერსიფიკაციას ახდენენ, ანუ ცდილობენ ევროპის ბაზრებზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი და სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეძებონ. ამ გზით თურქული ეკნომიკა ევროპული ფინანსური პრობლემების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე გახდება.
თურქული ლირის კურსის კლება ამ მხრივ პოზიტიური მოვლენა იქნება, რადგან ქვეყნის ექსპორტი შედარებით გაიაფდება და ის გლობალური ბაზრებისთვის უფრო მომხიბლავი გახდება. ლირის გაუფასურებამ შესაძლოა ეკონომიკის ზრდის შემდგომი შენელება თურქეთს თავიდან ააცილოს, ამბობენ თურქი სპეციალისტები.
თურქული ლირის ღირებულება უკვე 20 პროცენტით დავარდა. ექსპერტების ვარაუდით მისი გაუფასურება მომავალ წელს 25 პროცენტს მიაღწევს. შესაბამისად თურქული პროდუქტი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, რაც ექსპორტის პრობლემებს მნიშვნელოვნად მოაგვარებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად 2012 წლის თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. და როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, დღევანდელი დისბალანსი იმის მიმანიშნებელია, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველას ეხება, იმ ქვეყნებსაც კი, რომელთა ეკონომიკაც სხვებზე სწრაფად იზრდება.