ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს იმ შემთხვევაში თუ ისრაელის მთავრობამ არ მოიხადა ბოდიში ღაზას სექტორში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე განხორციელებული რეიდის გამო, რომელსაც, როგორც ცნობილია, რვა თურქისა და ერთი ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს თურქულ გაზეთ „ჰურიეტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ურთიერთობა ისრაელთან შეწყდება თუ ისრაელის მთავრობამ არ მოიხადა ბოდიში ან არ დათანხმდა 31 მაისს მომხდარი ინციდენტის შემსწავლელი საერთაშორისო გამოძიების დასკვნებს.

მაგრამ პარასკევს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი არ აპირებს ბოდიშის მოხდას რეიდის გამო.

ისრაელის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ბატონმა ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობა სინანულს გამოთქვამს რეიდის დროს ადამიანთა სიკვდილის გამო, მაგრამ არ აპირებს ბოდიშის მოხდას რადგან ისრაელის ჯარისკაცები თავს იცავდნენ.

ბატონმა ნეთანიაჰუმ აგრეთვე განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა არ აპირებს რაიმე ფინანსური კომპენსაციის გადახდას რეიდის დროს ცხრა მოკლული თურქი მოქალაქეების ოჯახებისთვის.

XS
SM
MD
LG