ჩინელმა აქტივისტმა ჩენ გუანჩენმა ოჯახთან ერთად ჩინეთი დატოვა და შეერთებულ შტატებში მოფრინავს. ერთთვიანი დიპლომატიური დავა ამერიკას და ჩინეთს შორის ბრმა დისიდენტის საშინაო პატიმრობიდან თავის დაღწევით დასრულდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სულმოუთქმელად ელოდებიან ბატონი ჩენის ჩამოსვლას და კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, თუ როგორ გადაწყდა ჩინელი აქტივისტის ბედი.
ჩენ გუანჩენმა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად პეკინის საერთაშორისო აეროპორტი მას შემდეგ დატოვა, რაც მათ პასპორტები ბოლო მომენტში, თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ მიუტანეს.
„იუნაითიდ ეარლაინის“ რეისს ნიუარკის აეროპორტში დღეს საღამოს ელოდებიან. გამოფრენის წინ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჩენმა აღნიშნა, რომ ის ნიუ იორკის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის შესწავლას გეგმავს.