როგორც საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, პოლიტიკურად ძალზე პოლარიზებულ ქვეყანაში, ამერიკელები 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე შედარებით თანხმდებიან. ისინი იზიარებენ შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი მის მომავალზე.
თუმცა, განსხვავდება მათი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკული დემოკრატიისთვის. გამოკითხვაში, რომელიც 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, 1 074 ადამიანი მონაწილეობდა.
ახალი გამოკითხვის ავტორია საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტიდ პრესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითი ცენტრი (NORC). ირკვევა, რომ გამოკითხული ზრდასრული ამერიკელების უმრავლესობა, 62% თვლის, რომ ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, იმის მიხედვით, თუ ვინ მოიგებს მომავალ შემოდგომაზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. დემოკრატებში ასე 72% ფიქრობს, რესპუბლიკელებში კი 55%.
გამოკითხულ ამერიკელთა დაახლოებით ნახევარი არც ახლაა კმაყოფილი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხით. 51% ამბობს, რომ დემოკრატია შეერთებულ შტატებში ან „არც ისე კარგად“ მუშაობს, ან „საერთოდ არ არის კარგ ვითარებაში".
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაში, ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა მიმართულება ახდენდა უფრო მეტ გავლენას ამომრჩეველთა შეშფოთებაზე. უმეტესობა მთავარ მნიშვნელობას ეკონომიკურ საკითხებს (75%) ანიჭებს; შემდეგ მოდის დემოკრატიის მომავალი (67%); დაახლოებით იმდენივე წუხს სამთავრობო ხარჯებზე (67%) და სულ ოდნავ ნაკლები იმიგრაციაზე (66%).
დემოკრატების 87% და დამოუკიდებელი ამომრჩევლების 54% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადა უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის დემოკრატიაზე. რესპუბლიკელებს შორის 82% თვლის, რომ დემოკრატია ჯო ბაიდენის მორიგი გამარჯვებით დასუსტდება. ამას დამოუკიდებელი ამომრჩევლის 56% ეთანხმება.
ყოველი 10 ზრდასრული ამერიკელიდან 2 (19%) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში დემოკრატია „უკვე იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. რესპუბლიკელები (23%) უფრო ხშირად ამბობენ ამას, ვიდრე დემოკრატები (10%). ორივე პარტიაში შედარებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკული დემოკრატია საკმარისად მტკიცე და გამძლეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაუძლოს.
”ვფიქრობ, მემარცხენეების მხრიდან, აშკარაა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ისეთი პრეზიდენტის არჩევით, რომელიც აშკარად ავტორიტარულია, რომელსაც აშკარად სურს შეამციროს მთავრობის ანგარიშვალდებულება, რათა გააძლიეროს პრეზიდენტის ძალაუფლება და ამის გაკეთება ისე, რომ აღმასრულებელ შტოს ერთგვარი უპრეცედენტო წვდომა ჰქონდეს მოსახლეობასა და მთავრობის სექტორების მართვაზე“, - ამბობს მაიკლ ალბერტუსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი.
რაც შეეხება მეორე მხარეს, პროფესორ ალბერტუსის აზრით, "რესპუბლიკელები მარჯვენა ფლანგიდან, შეშფოთებული არიან მთავრობის ძალაუფლების გადამეტებით, “დიდი მთავრობით”თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეებით და სამთავრობო უფლებამოსილებით, იმოქმედონ გარკვეული გზით ან გაატარონ გარკვეული პოლიტიკა”.
Facebook Forum