ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებში უკრაინის მხარდაჭერამ იკლო - გამოკითხვა


ახალი გამოკითხვის თანახმად, რიგით ამერიკელებში უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერა მცირდება, ამასთან - შეერთებული შტატების ორივე მთავარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებში. ეს გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს კიევისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში ამერიკულ დახმარებას მნიშვნელოვნად ეყრდნობა.

"როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, რესპონდენტების მხოლოდ 41% ეთანხმება იმას, რომ ვაშინგტონი უკრაინას იარაღით უნდა დაეხმაროს. ორდღიანი გამოკითხვა ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს დასრულდა. კითხვას უარყოფით პასუხს სცემს გამოკითხულ ამერიკელთა 35%, დანარჩენი კი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის.

შეიარაღების მიწოდების მხარდაჭერა წელს მაისიდან შემცირდა. მაშინ დახმარებას ამერიკელების 46% უჭერდა მხარს, 29% კი წინააღმდეგი იყო.

გამოკითხვის პარალელურად, ამერიკის კონგრესში განსახილველად ახალი კანონპროექტია შეტანილი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად, დამატებით $24-მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას ითხოვს. აქედან $17 მილიარდი თავდაცვის დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.

ვაშინგტონმა კიევი უკვე უზრუნველყო 44 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებით. აქ შედის ათობით ტანკი, ათასობით რაკეტა და მილიონობით საარტილერიო ჭურვი, რომლებიც უკრაინას 2022 წლის თებერვალში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ მიეწოდა.

წელს, ივინისიდან მოყოლებული, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს სოფლები და დასახლებები, რომლებიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული. წარმატებულ კონტრიერიშში უკრაინელ ჯარისკაცებს ხელს რუსეთის მიერ დანაღმული უზარმაზარი ტერიტორიები უშლის.

უკრაინის ამ მასშტაბით დახმარებას ზოგიერთი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით ისინი, ვინც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ასოცირდება და მის ხელახლა არჩევას ემხრობა. დახმარება გასული კვირის ბოლოს, კონგრესში მიღებული ბიუჯეტის დაფინანსების კანონპროექტიდან საერთოდ ამოიღეს. კომპრომისის შედეგად, ბოლო მომენტში დამტკიცებული კანონით, კანონმდებლებმა მთავრობის დახურვა აიცილეს თავიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG